მოქმედმა ჩემპიონებმა სეზონი ლასკთან გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ვენის „რაპიდთან“ მარცხი იწვნიეს და ახლა მიზნად ხასიათის გამოსწორება დაისახეს.

შეხვედრის წინ გუნდის ლიდერმა, 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში გოლის გატანა შეძლო, მედიასთან ისაუბრა:

„რაპიდთან შინ წაგების შემდეგ განსაკუთრებით გვინდა, რომ რიდთან თამაში გამოვასწოროთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. პირველ წუთებს დიდი მნიშვნელობა ექნება – თუ თავიდანვე გამოვავლენთ ჩვენს მაქსიმუმს, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მივაღწევთ. რიდი ძლიერი გუნდია და მთელი სეზონის განმავლობაში სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე“.

კიტეიშვილმა ასევე გაიხსენა შარშანდელი თასის შეხვედრა, სადაც „შტურმმა“ რიდი 3:1 დაამარცხა: „მიუხედავად გამარჯვებისა, თამაში ძალიან რთული გამოდგა“.

იურგენ ზოიმელის გუნდისთვის რიდთან მატჩი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, თუმცა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა 20 აგვისტოს ელით – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში „ბოდო/გლიმტის“ წინააღმდეგ, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 26 აგვისტოს გრაცში გაიმართება.