„ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დებიუტის შესაძლებლობა მივიღე. ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა და მიხარია, რომ ეს მომენტი დადგა. ჩემთვის მთავარია, ყოველთვის მზად ვიყო — ვთამაშობ თუ არა, ყოველდღე მაქსიმუმს ვაკეთებ,“ – თქვა მამარდაშვილმა Liverpoolfc.com-თან.

24 წლის მეკარის თქმით, „ლივერპულში“ ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს და განსაკუთრებით მადლიერია თანაგუნდელების.

„კლუბში შესანიშნავი გარემოა. ალისონი განსაკუთრებით გვერდში დამიდგა და ბევრს მეხმარება განვითარებაში. ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო, გვერდით მყოლოდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ალისონი, ვირჯილ ვან დეიკი და მოჰამედ სალაჰი. დღეს მათთან ერთად ვვარჯიშობ და ეს უდიდესი ბედნიერებაა,“ – აღნიშნა ქართველმა მეკარემ.

„ლივერპულში“ მამარდაშვილმა 25-ე ნომერი აირჩია — იგივე ნომრით იცავდა ის საქართველოს ნაკრების კარსაც. ეს გადაწყვეტილება მის ოჯახს უკავშირდება.

„მამაჩემიც მეკარე იყო და სწორედ 25-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მე ამ ტრადიციას ვაგრძელებ - აღნიშნა მამარდაშვილმა.