ქართველმა შემტევმა პირველ ტაიმში ბარძაყის უკანა მხარეში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც შესვენების შემდეგ მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლა გამოვიდა.
შეხვედრის შემდეგ „პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა და ხაზი გაუსვა, რომ დაზიანება ჯერ საბოლოოდ შეფასებული არ არის:
„ხვიჩას ფიზიკური პრობლემა შეექმნა და გადავწყვიტეთ, რისკზე არ წავსულიყავით. ამ ეტაპზე ზუსტი არაფერია ცნობილი – პასუხს სამედიცინო შემოწმების შემდეგ მივიღებთ.“
შესაძლო პრობლემები მხოლოდ კვარაცხელიას არ უკავშირდება – მატჩის მსვლელობისას ტრავმა ვიტინიამაც მიიღო. მიუხედავად ამისა, ფრანგულ მედიაში წერენ, რომ პსჟ–სთვის ყველაზე დიდი დარტყმა შესაძლოა სწორედ ქართველი ვარსკვლავის დაკარგვა აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გუნდს უკვე აკლია დეზირე დუე, უსმან დემბელე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი.
„პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონას“ 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. მატჩის წინ კი მთავარი კითხვა რჩება – შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა დახმარებას.
Comments powered by CComment