21 წლის ფეხბურთელმა ირაკლი ეგოიანმა გასულ სეზონში „ვიტესის“ შემადგენლობაში გამორჩეული სეზონი ჩაატარა — 37 მატჩში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ახალი სეზონი უკვე „ექსელსიორში“ დაიწყო“.

ეგოიანი ჰოლანდიაშია გაზრდილი, თუმცა თავისი სურვილით ინტერვიუ ქართულ ენაზე ჩავწერეთ — რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის კავშირს სამშობლოსთან. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში U-16-დან გამოდის და დღეს უკვე 21-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ჩვენს ინტერვიუში ირაკლი გულახდილად საუბრობს როგორც კარიერის ეტაპებზე, ისე ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებულ გეგმებზე.


– „ვიტესში“ გასულ სეზონში 37 მატჩში 9 გოლი და 5 ასისტი მიითვალე და გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედაც დაგასახელეს. შენი აზრით, რა იყო ამ წარმატების მთავარი ფაქტორი?

„როცა „ვიტესში“ მივედი, თავიდან ყველაფერი მარტივად არ ყოფილა. პირველ ეტაპზე ძირითადად შეცვლაზე შემოვდიოდი, თუმცა იმ მცირე დროშიც ვცდილობდი მაქსიმალური ენერგია და ჩემი ძლიერი მხარეები გამომეჩინა. სწორედ ამის შემდეგ მივიქციე მწვრთნელის ყურადღება. საწყისი პერიოდი რთული იყო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვხვდი ძირითადში, შემდეგ უკვე გოლებიც გავიტანე და საგოლე გადაცემებიც გავაკეთე. ამის მიღწევას დიდი შრომა და ყოველდღიური ვარჯიში დასჭირდა. საბოლოოდ გუნდში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი.“

ვიტესს“ წარსულში არაერთი ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა — კაშია, ყაზაიშვილი, ჭანტურია... შენს პერიოდში იგრძნობოდა თუ არა მათი კვალი კლუბში?

„გუნდში რომ მივედი, ყველაზე ხშირად გურამ კაშიას შესახებ მესაუბრებოდნენ. ყველანი მეუბნებოდნენ, რომ ის „ვიტესის“ ნამდვილი ლეგენდაა. ბაზაზე კაშიას უამრავი ფოტო არის გამოფენილი და კლუბში დიდ პატივს სცემენ.  

– საკუთარ თავს რომელ პოზიციაზე გრძნობ ყველაზე კომფორტულად და რა არის შენი მთავარი ძლიერი მხარე მოედანზე?

„ვიტესში“ ხშირად ათიანზე ვთამაშობდი, თუმცა ჩემი საყვარელი და საუკეთესო პოზიცია მაინც მერვე ნომერია — „box-to-box“ ნახევარმცველი. ამ როლში უკეთ გამომდის როგორც დაცვითი სამუშაოს შესრულება, ისე შეტევაში ჩართვა, საგოლე მომენტების შექმნა და გოლების გატანა. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი ძირითადი პოზიცია მაინც მერვე ნომერია, თუმცა გუნდის საჭიროების შემთხვევაში ათიანზეც წარმატებით ვთამაშობ.“

– „ვიტესის“ ლიცენზიის პრობლემას როგორ აღიქვამდი და როგორ აისახებოდა ეს კლუბზე?


„ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. კლუბი მუდმივად ჯარიმდებოდა და ასეთ გარემოში ფეხბურთზე სრულ კონცენტრირებას ვერ ვახერხებდით. ვეღარ ვიგებდით, ფოკუსიც იკარგებოდა. პრობლემები უამრავი იყო და ეს ბუნებრივად აისახა შედეგებზე. საბოლოოდ, მთავარი მიზანი აღარ იყო მხოლოდ თამაშების მოგება — ჩვენ კლუბის გადარჩენისთვის ვიბრძოდით. პირადად  ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, მაგრამ საერთო სურათი ძალიან რთული იყო. ნამდვილად მძიმე წელი გამოვიდა მთელი გუნდისთვის.“

Excelsior

– „ექსელსიორში“ გადასვლის შემდეგ როგორი შთაბეჭდილებები დაგიტოვა ახალმა გუნდმა და რა განსხვავებაა ნიდერლანდების მეორე ლიგასა და ერედივიზიას შორის?


„ექსელსიორში“ რომ მოვედი, თავიდანვე მივხვდი, კარგ გუნდში მოვხვდი. ყველაზე დიდი სხვაობა, რასაც ვგრძნობ უმაღლეს ლიგასა და მეორე დივიზიონს შორის, არის ინტენსიურობა. მაგალითად, ჩემი სადებიუტო მატჩი „უტრეხტთან“ მქონდა და მაშინვე დავინახე ეს განსხვავება: მეორე ლიგაში ბურთთან უფრო მეტი დრო მქონდა, აქ კი როგორც კი ბურთს იღებ, მაშინვე ორი–სამი ფეხბურთელი გიწევს წინააღმდეგობას. ვფიქრობ, თავს კარგად ვართმევ და ეს ჩემთვის კარიერაში დიდი ნაბიჯია. მიხარია, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში ვთამაშობ — დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება მომავალში უფრო მაღალ დონეზე განვითარებაში დამეხმარება.“

– რა არის გუნდის მთავარი მიზანი ამ სეზონში?

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ. ვფიქრობ, „ექსელსიორს“ ამისთვის საკმარისი ხარისხი და შესაძლებლობა აქვს, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ.“

gettyimages

– შენთვის რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოსთვის თამაში არჩიე?


„U-16-დან მოყოლებული საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობ და ყოველთვის განსაკუთრებულად კომფორტულად ვგრძნობ თავს. საქართველოში დავიბადე, ოჯახიც იქ ცხოვრობს, ამიტომ არჩევანი ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. სხვა ვარიანტებზე არც მიფიქრია — ახლა უკვე U-21 ნაკრების წევრი ვარ და მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებზე მაქვს მიმართული.“

– და ბოლოს, რას ეტყვი ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ახლა ერედივიზიაში შენს ახალ ნაბიჯებს ადევნებენ თვალს?


„ქართველ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. „ექსელსიორში“ ვეცდები ყოველ მატჩში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო — გოლებით, საგოლე გადაცემებით და დაუღალავი შრომით. მინდა ნიდერლანდებში ჩემი კვალი დავტოვო, ისე, როგორც სხვა ქართველებმა, რომლებმაც აქამდე ნიდერლანდებში ღირსეულად წარმოაჩინეს თავი.“