პოლონელი ვეტერანის შეფასებით, „მერსისაიდელებს“ მეკარის პოზიციაზე პრობლემა არ აქვთ, რადგან ორივე კიპერი მაღალი კლასისაა.
„ლივერპულს დღეს ორი შესანიშნავი მეკარე ჰყავს. გასულ სეზონშიც ასე იყო – როცა კელეჰერი თამაშობდა, ისიც მაღალ დონეს აჩვენებდა. წინ რთული სეზონია, ბევრი მატჩით, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ორი საიმედო მეკარე ჰყავდეს,“ – აღნიშნა დუდეკმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალისონი კვლავ შეუცვლელი პირველი ნომერია, მამარდაშვილს ყველაფერი აქვს, რათა პრემიერლიგაში საკუთარი თავი დაამკვიდროს:
„ალისონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და უდავოდ ძირითადი კიპერია. თუმცა მამარდაშვილს ყველა საჭირო თვისება აქვს, რომ ინგლისის ჩემპიონატში მაღალ დონეზე იასპარეზოს. მას დრო სჭირდება ადაპტაციისთვის – აქ ტემპი უფრო სწრაფია, მეკარეებზე მეტი ზეწოლაა, განსაკუთრებით ფეხით თამაშის დროს. განსხვავებულია მსაჯობის სტილიც, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.“
დუდეკმა საკუთარ კარიერასაც გაავლო პარალელი:
„როდესაც ძირითადში ვთამაშობდი, თავდაჯერებულობა მეტი მქონდა. მაგრამ 2007 წელს, როცა „რეალში“ გადავედი, ვიცოდი, რომ მეორე ნომერი ვიქნებოდი და ჩემი მთავარი როლი კასილიასისთვის ფორმის შენარჩუნებაში დახმარება იყო. ეს ვითარება მივიღე და მაქსიმალურად შევასრულე ჩემი მოვალეობა.“
მისივე შეფასებით, „ლივერპულისთვის“ საუკეთესო სცენარი სწორედ ისაა, როცა ორი ტოპ-მეკარე ჰყავს:
„თუ ალისონი საკუთარ დონეს შეინარჩუნებს, მამარდაშვილმაც უნდა ეცადოს, რომ მასთან ახლოს მივიდეს. ახლა ის მეორე მეკარეა, მაგრამ შანსი თუ მიეცემა, აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ამ ეტაპზე მათ შორის ურთიერთობა შესანიშნავია და დარწმუნებული ვარ, სეზონის განმავლობაში ორივეს საკუთარი როლი ექნება.“
Comments powered by CComment