ფრანგული კლუბი სეზონს 9 აგვისტოს ლავალთან გასვლითი მატჩით იწყებს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის თამაში ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სენტ ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანმა დავითაშვილის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ქართველ მოთამაშეს მცირე დაზიანება აწუხებს.

„ზურიკომ რთული პრესეზონის ეტაპი გაიარა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, ვცდილობთ, სრულ მზადყოფნაში იყოს, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რომ ლავალთან ითამაშებს,“ – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

ტრავმა თუ ტრანსფერზე მოლოდინი?

ბოლო პერიოდში ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილი შესაძლოა კლუბის დატოვებას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ მონაწილეობდა ამხანაგურ მატჩებში. თუმცა ოფიციალური ვერსიით, სენტ ეტიენში მის უთამაშებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან.

ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენთან კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. გასულ სეზონში მან ლიგა 1-ში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა – ამ მონაცემებით, გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა.

ცნობილია, რომ ქართველ შემტევს კლუბის დატოვება სურს და რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებენ. თუმცა სენტ ეტიენის ფინანსური მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ ტრანსფერი მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში განხორცილდება.

დავითაშვილის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია – დაზიანება, სავარაუდო ტრანსფერი და მწვრთნელის გადაწყვეტილება ერთად ქმნის გაურკვევლობას, რომელსაც პასუხი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაეცეს.