24 წლის შემტევმა, რომელმაც „კლერმონთან“ Ligue 2-ის მე-5 ტურის მატჩი კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა, ამ ეტაპზე მხოლოდ ინდივიდუალურ პროგრამაზე მუშაობს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოედანზე შეძლებს თუ არა გასვლას შაბათს, როცა „სენტ ეტიენი“ საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ დაუპირისპირდება.

დავითაშვილმა სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და „მწვანეების“ რიგებში ოთხ შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოასწრო. სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე კი საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარა – თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ერთ შეხვედრაში გოლით, მეორეში კი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა კლუბს მალე დატოვებდა, თუმცა გადასვლა არ განხორციელდა და დავითაშვილი კვლავ „სენტ ეტიენის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურად რჩება.

კლუბის მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანი ზურიკოს ტრავმას პრესკონფერენციაზე შეეხო:
„ზურიკო დავითაშვილი ამ კვირაში მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. უნდა დავაკვირდეთ მის მდგომარეობას და ვნახოთ, როგორ იქნება ხვალ,“ – აღნიშნა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

„სენტ ეტიენმა“ სეზონის პირველ ხუთ ტურში სამი გამარჯვება და ორი ფრე მოიპოვა და 11 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. კლუბს რთული კალენდარი ელის – „რეიმსთან“ მატჩის შემდეგ სამი დღეში „ამიენს“ სტუმრად შეხვდება, ხოლო 27 სექტემბერს „გენგამს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. ასეთ დატვირთულ პერიოდში დავითაშვილის დაბრუნება გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.