კლუბთან დაახლოებული გამოცემა Watford Observer წერს, რომ ესპანელებს „უოტფორდთან“ ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონიათ და ქართველის ტრანსფერი დღის წესრიგში არ დგას.

წყაროს ცნობით, „უოტფორდს“ არც სურვილი აქვს ჩაკვეტაძის გაყიდვის და არც ფინანსური მიზეზი, რომ ახლა გუნდიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გაუშვას. „ვალენსიაში“ პირადი პირობების შეთანხმებაზე გავრცელებული ხმებიც არ დასტურდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელები მზად იყვნენ, 10 მილიონ ევრომდე გადაეხადათ. თუმცა, „უოტფორდში“ აღნიშნავენ, რომ მსგავსი თანხა არ შეესაბამება ქართველის რეალურ ღირებულებას. კლუბის პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, ახალგაზრდა ტალანტებს გაცილებით მაღალი ფასით ყიდიან – 2023 წელს ჟოაო პედრო „ბრაიტონში“ 30 მილიონ ფუნტად გაიყიდა, 2024-ში კი იასერ ასპრილია „ჟირონას“ 20 მილიონად. შესაბამისად, „უოტფორდი“ ჩაკვეტაძეს გაცილებით ძვირად აფასებს.

მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბის მეპატრონე ჯინო პოცო სეზონის დაწყების წინ გამოკვეთილად ამბობდა, რომ გუნდის წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება მისი მთავარი მიზანია.

„ვალენსიას“ ინტერესიც გარკვეულწილად სავსებით რეალურია. კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი ჩაკვეტაძეს ჯერ კიდევ „ვესტ ბრომში“ მუშაობის პერიოდში აკვირდებოდა და მას კარგად იცნობს. თუმცა ესპანურ კლუბს ფინანსურად ძალიან გაუჭირდება ტრანსფერის განხორციელება – 2019 წლიდან მოყოლებული მათ ერთ ფეხბურთელში 8.5 მილიონ ევროზე მეტი არ გადაუხდიათ. ამასთან, „ვალენსიას“ მთავარი ინვესტიცია ახალი სტადიონის მშენებლობაზეა მიმართული.

ჩაკვეტაძე ამჟამად ტრავმის რეაბილიტაციას გადის. ქართველმა ნახევარმცველმა ფეხის თითის ძვალი დაიზიანა და სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე ვერ დაბრუნდება. შესაბამისად, ის საქართველოს ეროვნულ გუნდსაც ვერ დაეხმარება.

25 წლის ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდის“ ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად უკვე დამკვიდრდა. „კრაზანების“ მაისურით ჩაკვეტაძემ ჯამში 78 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა. მისი მნიშვნელობა გუნდისთვის მწვრთნელმა პაულო პესოლანომაც არაერთხელ გაუსვა ხაზი: „გიორგი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ველოდებით, როდის დაბრუნდება სრულ მზადყოფნაში.“

გიორგიმ თავადაც აღნიშნა Watford Observer-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომ ის ბედნიერია „ვიქერიჯ როუდზე“ და მიზნად ისახავს „უოტფორდთან“ ერთად პრემიერლიგაში აღზევებას.