18 წლის ფორვარდი „დინამო თბილისის“ აკადემიაში აღიზარდა და მთავარ გუნდში 57 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი აგვისტოს ბოლოს გაფორმდა, თუმცა ახალი ეტაპი მისთვის რთული გამოცდით დაიწყო.

ტრავმა და გადადებული დებიუტი
ჩვენი ინფორმაციით სალიას „ნიუკასლში“ U21-ში უნდა დაეწყო თამაში და შემდეგ იჯარით სხვა კლუბში განათხოვრებაც იგეგმებოდა, თუმცა დებიუტი დროებით გადაიდო. მიზეზი „ჰამსტრინგის“ დაზიანებაა — ბარძაყის უკანა მხრის კუნთის ტრავმა, რომელიც ფეხბურთელებში ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება. მსგავსი დაზიანების მოშუშებას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება, მძიმე შემთხვევაში კი რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენი ინფორმაციით, სალია მოედანს სავარაუდოდ წლის ბოლოს დაუბრუნდება.

მოლოდინი ინგლისში
სალიამ იანვარში უკვე მოინახულა „ნიუკასლის“ სავარჯიშო ბაზა, შეხვდა მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს და მაშინდელ სპორტულ დირექტორ პოლ მიჩელს. სალია „სენტ ჯეიმს პარკზე“ მატჩსაც დაესწრო, რათა კლუბის გარემო უკეთ შეეგრძნო. „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა ქართველის პერსპექტივას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მის განვითარებას გრძელვადიან გეგმებში ხედავს. 

ტრავმამ სალიას დებიუტი დროებით შეაფერხა, მაგრამ წინ გრძელი გზააა. „ნიუკასლ იუნაიტედი“ ქართველ ფორვარდში დიდ პოტენციალს ხედავს და მისი დაბრუნება მოედანზე მხოლოდ დროის საკითხია.