ღონისძიებას ესწრებოდნენ კლუბის ხელმძღვანელები, მათ შორის გოჰან ინლერი და ჯანლუკა ნანი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ქართველ მცველს დაეთმო.
21 წლის გოგლიჩიძე „უდინეზეში“ „ემპოლიდან“ გადმოვიდა, სადაც გასულ სეზონში სერია A-ში სრული სეზონი ჩაატარა და თავის შესაძლებლობები დაამტკიცა. პრეზენტაციაზე ქართველმა ლეგიონერმა თავისი ემოციები და სამომავლო მიზნებიც გააზიარა:
„ემპოლისთან ერთად გასულ სეზონში სერია A-ში ვიასპარეზე და ვგრძნობ, რომ ახლა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი. აქ, უდინეზეში, თავიდანვე პოზიტიური ენერგია ვიგრძენი და ყველა მეხმარება, რომ გუნდს სწრაფად მოვერგო. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დიდ კლუბში ვიმყოფები – ეს ჩემს კარიერაში უდიდესი წინსვლაა,“ – განაცხადა გოგლიჩიძემ.
საბამ ასევე საკუთარ საფეხბურთო იდეალზეც ისაუბრა:
„სერხიო რამოსი ჩემი კუმირია – მიყვარს მისი სტილი და მენტალიტეტი. ყოველთვის ვცდილობ, მისგან რაღაც ვისწავლო. ჩემი საყვარელი პოზიცია ცენტრალური მცველის როლია, თუმცა მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდისთვის ყველაზე საჭირო ვიქნები.“
გოგლიჩიძემ დამატებით ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ის არის პირველი ქართველი ფეხბურთელი „უდინეზეს“ ისტორიაში:
„ამაზე განსაკუთრებულად ვამაყობ – მინდა, ჩემს ქვეყანას და ქართველ გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭო. №2 მაისური ავირჩიე, რადგან ეს ნომერი ბავშვობიდანვე მეცვა.“
Comments powered by CComment