მოქმედმა ჩემპიონმა ევროპაში ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც მის სტატუსს შეეფერება.
ლუის ენრიკემ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ კვლავ სასტარტო თერთმეტეულში დააბრუნა, ქართველის თამაშით კმაყოფილი დარჩა. პარიზელებმა აქტიურად შეუტიეს პირველივე წუთებიდან და მესამე წუთზე კაპიტანმა მარკინიოსმა ანგარიში გახსნა. მომდევნო ეპიზოდებში ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა, ჰაკიმის დარტყმა ძელს მოხვდა, მენდეშმა კი ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა 39-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალე ინდივიდუალური ეპიზოდის შემდეგ შორიდან გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
ტაიმის მიწურულს მასპინძლებს კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ბარკოლას შესრულებული პენალტი სტუმართა მეკარემ მოიგერია.
მეორე ნახევარშიც სურათი უცვლელი დარჩა – „პსჟ“ თავსმოხვეული თამაშით აგრძელებდა და 51-ე წუთზე მენდეშმა მესამე გოლი გაიტანა. საბოლოოდ, 75-ე წუთზე ენრიკემ კვარაცხელია შეცვალა, ხოლო კომპენსირებულ დროში რამუშმა შეხვედრას საბოლოო ანგარიში – 4:0 დააფიქსირა.
პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში 1 ოქტომბერს „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან, მანამდე კი Ligue 1-ში „მარსელს“ და „ოსერს“ შეხვდებიან.
Comments powered by CComment