მამარდაშვილმა პროფესიული გზა „გაგრაში“ დაიწყო, შემდეგ „დინამო თბილისში“ გადავიდა და გამოცდილება იჯარებით მოიპოვა „რუსთავსა“ და „ლოკომოტივში“. სწორედ ამ პერიოდში იქცა ის გამორჩეულ ტალანტად, რის შემდეგაც 2020 წელს საქართველოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
მისი დიდი შემოტრიალება „ვალენსიაში“ მოხდა – თავდაპირველად იჯარით, მაგრამ მალევე კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და ტრანსფერი სრულად შეისყიდა. უკვე პირველივე სეზონში გიორგიმ „ვალენსია“ კოპა დელ რეის ფინალამდე მიიყვანა და ფინალში ძირითადი მეკარის სტატუსით იასპარეზა.
შემდგომ წლებში მამარდაშვილი „ვალენსიას“ შეუცვლელ კიპერად იქცა. მეორე სეზონში მან კლუბის რეკორდი დაამყარა – ლა ლიგაში 59 მატჩი ზედიზედ სასტარტოში იყო, რაც „ვალენსიას“ ისტორიაში მეკარეებისთვის რეკორდია. 2023/24 წლების სეზონი მან 13 მშრალი მატჩით დაასრულა და ესეც კლუბის ახალი რეკორდი გახდა.
ევროპული ფეხბურთის ყურადღებამ არ დააყოვნა – 2024 წელს გიორგი „იაშინის ტიტულისთვის“ იყო ნომინირებული და ტოპ-10-ში მოხვდა (მე-7 ადგილი), გარდა ამისა, დაიმსახურა საქართველოს წლის ფეხბურთელის ტიტული, რითაც ხვიჩა კვარაცხელიას სერია შეაჩერა.
საქართველოს ნაკრებში მამარდაშვილს დებიუტი 2021 წლის სექტემბერში ჰქონდა, ხოლო უკვე ევრო 2024-ზე მისი ასპარეზობა ისტორიული იყო – ჯგუფურ ეტაპზე 21 სეივით ტურნირის თანარეკორდსმენი გახდა.
ბოლო დიდი ნაბიჯი კარიერაში „ლივერპულთან“აა დაკავშირებული. კლუბმა დროულად იმოქმედა და ალისონის შესაძლო წასვლის ფონზე ქართველ კიპერს კონტრაქტი გაუფორმა. ინგლისური მედიის ცნობით, მამარდაშვილს კარაბაო თასზე „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ექნება ოფიციალური დებიუტი.
24 წლის მეკარე თავის მომავალზე დამაჯერებლად საუბრობს:
"ვიცი, პასუხისმგებლობები, რომელიც ამ მაისურის ტარებას მოჰყვება. ეს გერბი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. აქ იმისთვის, ვარ რომ ყოველ სავარჯიშო სესიასა და მატჩზე ჩემი საუკეთესო გავაკეთო, გუნდს დავეხმარო და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა მოვიპოვო. მინდა, გულწრფელი მადლბოა ვუთხრა ყველა ქართველ გულშემატკივარს. ვამაყობ, რომ საქართველოს წარმოვადგენ ამ დიდებული კლუბში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო ამაყები იყოთ."
მამარდაშვილის კარიერა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის ფასდება. დღეს ის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯია, არამედ იმ გუნდის მეკარე, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ელიტაშია.
Comments powered by CComment