დონეცკის „შახტარის“ 24 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა ჰამბურგის ახალი შენაძენი და 2025/26 წლების სეზონს იჯარის წესით სწორედ ამ კლუბში გაატარებს.

გოჩოლეიშვილი გერმანიაში 6 აგვისტოს ჩაფრინდა, გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ის ჰამბურგის რიგებში პირველი ქართველი არაა — 2021/22 წლების სეზონში გუნდში იჯარით თამაშობდა გიორგი ჩაკვეტაძე.

კლუბის ხელმძღვანელობა: გოჩოლეიშვილი იდეალურად ერგება ჩვენს სტილს

„გიორგის სახით დავიმატეთ მოთამაშე, რომელიც გამორჩეულია ხასიათითა და პროფესიონალიზმით. ის გუნდური და შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც“, — აღნიშნა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა შტეფან კუნცმა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა კლაუს კოსტამ თქვა:
„გიორგი სწრაფია, ძლიერია, აქვს დაცვითი სტაბილურობა და აგრესიულობა. იცის, როგორ გადავიდეს შეტევაში და მუდმივად ქმნის სახიფათო მომენტებს. მისი თვისებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს“.

ფეხბურთელის პირველი კომენტარი

„ძალიან მიხარია, რომ ჰამბურგში გადავედი. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და ერთობლივ მუშაობას. „შახტარში“ თამაშის დროსაც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ჰამბურგის სტადიონი და ახლა მინდა ეს ემოციები უკვე ამ კლუბის ფეხბურთელის რანგში ვიგრძნო“, — განაცხადა გოჩოლეიშვილმა, რომელიც გუნდში 16-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

გიორგი უკვე 7 აგვისტოს ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ჰამბურგის შეკრებაზე შეუერთდა.

კარიერა მოკლედ

გოჩოლეიშვილი თბილისის „საბურთალოს“ (ამჟამად იბერია 1999) აღზრდილია. 2023 წელს ის დონეცკის „შახტარს“ შეუერთდა, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებს. წინა სეზონი იჯარით გაატარა დანიაში, სადაც „კოპენჰაგენის“ მაისურით 33 მატჩში ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი გააკეთა. გუნდთან ერთად მოიგო დანიიის ჩემპიონატი და თასი.

„შახტარში“ დაბრუნების შემდეგ გიორგიმ მონაწილეობა მიიღო ევროპალიგის სამ შეხვედრაში და ერთ მატჩში — უკრაინის ჩემპიონატში. უკრაინის პრემიერლიგაში მისი სტატისტიკა ასეთია: 31 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.

სადებიუტო შეხვედრა ბუნდესლიგაში ჰამბურგს 24 აგვისტოს სტუმრად მიუნხენგლადბახთან ელის, ხოლო 16 აგვისტოს გერმანიის თასზე ობერლიგის წარმომადგენელ „პირმაზენსს“ შეხვდება.

ქართული კვალი ტოპ-ლიგებში

გოჩოლეიშვილის გადასვლით ტოპ-5 ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ბუნდესლიგაში ის ბუდუ ზივზივაძეს შეუერთდა („ჰაიდენჰაიმი“). სერია A-ში ასპარეზობენ საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“) და საბა საზონოვი („ტორინო“), ლიგა 1-ში — ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“), გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბურჯანიძე („მეცი“), ხოლო პრემიერლიგაში — გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“).