24 წლის ფორვარდი „ყვითელ წყალქვეშა ნავში“ 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მისი ერთი წლის „ლიონური“ თავგადასავალი 49 შეხვედრაში, 18 გოლსა და 11 საგოლე პასს მოიცავს. ფინანსური სირთულეების ფონზე ფრანგული კლუბი იძულებული გახდა, ქართველის გაყიდვას დათანხმებოდა.

„ძალიან ვამაყობ, რომ ასეთ დიდ კლუბში ვითამაშებ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას და იმ დიდ მომენტებს, რომლებიც წინ გველოდება,“ — დაწერა მიქაუტაძემ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ.

მიქაუტაძე მეხუთე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს — მის წინამორბედებს შორის არიან გიორგი დემეტრაძე, შოთა არველაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

„ვილიარეალი“ ლა ლიგის ახალ სეზონს წარმატებით დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს, სადაც მიქაუტაძეს ევროპული გრანდების წინააღმდეგ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მიეცემა.