„ლიონი“ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და მედიის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობას დიდი თანხის მობილიზაცია უახლოეს პერიოდში სჭირდება. რადგან მალიკ ფოფანას შენარჩუნება თიტქმის უკვე გადაწყვეტილია, ყველაზე რეალურად სწორედ მიქაუტაძის ტრანსფერი მოაზრება.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ესპანური „ვილიარეალი“, რომელმაც, ფრანგული წყაროების თანახმად, ოფიციალური წინადადება უკვე გაუგზავნა „ლიონს“. ესპანელები შეტევაში გაძლიერებას ეძებენ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც იერემი პინოს შესაძლო ტრანსფერი „კრისტალ პალასში“ რეალური სცენარი გახდა.
მიქაუტაძემ გასულ სეზონში „ლიონში“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის როლი დაიკავა და გულშემატკივრებს შთამბეჭდავი შედეგებით დაამახსოვრა თავი. ახალ სეზონშიც სწრაფად მოირგო ლიდერის ფუნქცია – ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა, მათ შორის „ლანსის“ წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
დღეს მთავარი კითხვა მხოლოდ ერთია: შეძლებს თუ არა „ლიონი“ ფინანსური გამოწვევების ფონზე თავისი ტოპ-ფორვარდის შენარჩუნებას, თუ ქართველი თავდამსხმელის კარიერა უკვე ლა ლიგისკენ აიღებს მიმართულებას?
Comments powered by CComment