24 წლის გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ „ლივერპულში“ ამ ზაფხულს გადავიდა და ალისონ ბეკერის კონკურენტად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ბოლო ორ სეზონში არაერთი ტრავმის გამო იძულებული გახდა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს, ჯეიმსის აზრით, ქართველს დაუყოვნებლივ სასტარტო სტატუსის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
„ლივერპულმა გიორგი იმის გამო არ მოიყვანა, რომ ხარვეზი შეევსო. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი და ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი პირდაპირ კონკურენტად მოდის. მამარდაშვილს უნდა სჯეროდეს, რომ საკმარისად კარგია „ლივერპულში“ სათამაშოდ, თუმცა უნდა მოემზადოს იმისთვისაც, რომ შესაძლოა თავიდანვე ძირითადში არ იყოს. მთავარია, მოტივაცია არ დაკარგოს, რადგან თავისი შესაძლებლობებით აუცილებლად მიიღებს შანსს,“ – აღნიშნა ჯეიმსმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველის გამოცდილებას: „გიორგი უკვე გამოვიდა დიდ ტურნირებზე და დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა. ეს გარემოება არ შეაშინებს. თუ მას თამაში არ მოუწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ალისონი საუკეთესო ფორმაშია – და ეს „ლივერპულისთვის“ მხოლოდ პლიუსია.“
ჯეიმსის აზრს კიდევ ერთი ყოფილი „ლივერპულის“ მეკარე, სანდერ ვესტერველდი, დაეთანხმა და დაამატა, რომ მთავარი როლი ახალ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს ეკისრება: „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ესაუბრება მწვრთნელი გიორგის. სავარაუდოდ, მას უკვე უთხრეს, რომ ლიგის თასის თამაშებში ითამაშებს და სხვა შანსიც ექნება. თუმცა ბრძოლა ადგილისთვის გარდაუვალია.“
ამ ეტაპზე „ლივერპულში“ პირველ ნომრად კვლავ ალისონი განიხილება, მაგრამ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი მხოლოდ დროის საკითხია. მისი მთავარი მიზანი ახლა ჯანმრთელობის შენარჩუნება, რეგულარული ვარჯიში და მოთმინებაა — შანსი აუცილებლად მოვა.
Comments powered by CComment