ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფორვარდი მოედანზე აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა გოლით ან საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ბუდუმ ერთი დარტყმა განახორციელა კარში და რამდენჯერმე შეეცადა შეტევების განვითარებას, თუმცა საბოლოო შედეგი არ დაუფიქსირდა.

„ჰაიდენჰაიმის“ გოლები ლეო შენცამ (ორი), მატიას ჰონსაკმა, მიკელ კაუფმანმა და სერლორდ კონტემ გაიტანეს. მასპინძლებს პრესტიჟის გოლის შანსიც ჰქონდათ, თუმცა დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენეს.

ზივზივაძისთვის ეს უკვე მეექვსე შეხვედრაა „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში, რომელიც გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. ბოლოს ქართველმა თავდამსხმელმა თავი მარტში „ჰოლშტეინთან“ გამოიჩინა, როდესაც გოლიც მიითვალა და საგოლე პასიც.

მომდევნო მატჩს ფრანკ შმიდტის გუნდი ბუნდესლიგაში ჩაატარებს – 23 აგვისტოს „ჰაიდენჰაიმი“ საშინაო არენაზე „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება.