რატომ კოჯაელი?

თურქული მედიის შეფასებით, სტადიონის არჩევანს რამდენიმე არგუმენტი აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გარემოება ქართველი ქომაგების გადაადგილებას უკავშირდება.
თბილისიდან კოჯაელამდე პირდაპირი საჰაერო  მანძილი დაახლოებით 1 250 კილომეტრია, სახმელეთო მარშრუტი კი გაცილებით მეტია. 

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი ბაზა სტამბოლის „ათათურქის ოლიმპიური სტადიონია“, რომელიც 76 000-მდე გულშემატკივარს იტევს და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრის მასპინძელია. 

თუმცა, საქართველოსთან მატჩი სტამბოლში კი არა, კოჯაელში დაინიშნა. განსხვავება თვალსაჩინოა: თბილისიდან სტამბოლში პირდაპირი რეისებით ჩასვლა მარტივია, მაშინ როცა კოჯაელს საერთაშორისო აეროპორტი არ აქვს და ქართველ ქომაგებს დამატებითი ტრანსფერი სჭირდებათ. ამ ნაბიჯს თურქული მედია სტრატეგიულადაც აფასებს — მასპინძლები მაქსიმალურად ამცირებენ სტუმარი ქომაგების შანსს, რომ შეხვედრაზე მასობრივად მივიდნენ.

გარდა ამისა, კოჯაელი სტამბოლის მახლობლად მდებარე ინდუსტრიული რეგიონია, სადაც ძლიერი ადგილობრივი საფეხბურთო ბაზარია. აქამდე თურქეთის ნაკრებს ოფიციალური მატჩი ქალაქში არ ჩაუტარებია, რაც დამატებით მობილიზაციასა და ტრიბუნების სრულ შევსებას უზრუნველყოფს.