მატჩის დაწყება და პირველი ტაიმი
შეხვედრა უიღბლოდ დაიწყო — მესამე წუთზე თურქებმა კუთხურის შემდეგ ანგარიში გახსნეს, როცა ოზან მიულდურმა თავურით დაარტყა და ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარში აღმოჩნდა.
პირველ ნახევარში „ჯვაროსნები“ ვერ ახერხებდნენ თამაშის დალაგებას. თურქები ბურთს უკეთ აკონტროლებდნენ. 41-ე წუთზე აქტიურქოღლუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს ლუკა ლოჩოშვილს ქოჩორაშვილის ჩაწოდებაზე ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა, თუმცა დარტყმა კარში არ წავიდა. შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 0:2-ს აგებდა.

მეორე ტაიმი — ბრძოლა და დაბრუნების მცდელობა
ვილი სანიოლმა შესვენებაზე ცვლილება გააკეთა, მაგრამ ამის შემდეგ მესამე გოლიც მივიღეთ — 52-ე წუთზე ისევ აქტიურქოღლუმ გაიტანა.
63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა თამაშში ინტრიგა დააბრუნა: მისი მძლავრი გარღვევის შემდეგ მექვაბიშვილის დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე თავად დავითაშვილმა დაასწრო მოწინააღდეგიც მცველებს და ანგარიში 1:3 გახდა.
71-ე წუთზე თურქეთის ფორვარდი ბურაკ ილმაზი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს, რამაც მასპინძლებს შანსი მისცა. სანიოლიც გაღიზიანდა და პროტესტისთვის წითელი ბარათი მიიღო.

დრამატული დასასრული
რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა საქართველომ მთელი ძალით შეუტია. ხვიჩა კვარაცხელია ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან, ბოლოს კი დამატებით დროში მიზანს მაინც მიაღწია — 90+7 წუთზე მისმა ზუსტმა დარტყმამ ანგარიში 2:3 გახადა. მატჩის ბოლო შეტევაზე დავითაშვილის დართყმა მეკარემ მოიგერია და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოვახერხეთ.

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს თბილისში, ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო 2:3 თურქეთი
📍 თბილისი, „დინამო არენა“
⚽️ გოლები: დავითაშვილი (63), კვარაცხელია (90+7) — მიულდური (3), აქტიურქოღლუ (41, 52)
🟥 გაძევება: ილმაზი (71, თურქეთი)