ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სეგუნდა დივიზიონის წარმომადგენელი "სპორტინგ ხიხონი" 22 წლის შემტევით ინტერესდება და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კლუბის სპორტული ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ოდიშარიაზე ამახვილებს და მას იმ მოთამაშედ მიიჩნევს, რომელსაც გუნდის შეტევის გაძლიერება შეუძლია. წყაროს თანახმად, თავად ოდიშარიამაც გააცნობა RFS-ის ხელმძღვანელობას ხიხონში გადასვლის სურვილი.

ვინ არის ლაშა ოდიშარია?

მარტვილში დაბადებული ფეხბურთელი კარიერის საწყის ეტაპზე სალხინოს ადგილობრივი გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადაინაცვლა. პროფესიონალურ დონეზე საქართველოს ჩემპიონატში იცავდა მარტვილის „მერანისა“ და „დინამო თბილისის“ ღირსებას, რის შემდეგაც 2024 წლის იანვარში ლატვიური RFS-ი ჩაიბარა.

ლატვიურ კლუბთან ერთად მან 2024 წელს მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასის გათამაშება, ხოლო 2024/25 წლების სეზონში ევროპის ლიგაზეც იასპარეზა — სადაც 11 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში, RFS-ის მაისურით მან ყველა ტურნირში 61 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 7 საგოლე გადაცემა.

სანაკრებო გამოცდილება

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ოდიშარიამ უკვე 20 მატჩი ჩაატარა — თავი გამოიჩინა 1 გოლითა და 4 ასისტით. ის ასევე იყო 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე, სადაც სამივე შეხვედრაში ითამაშა.

ხიხონის სპორტინგი – ესპანური გამოცდილება

„სპორტინგ ხიხონი“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი ტრადიციული კლუბია, რომელიც 2016/17 წლების სეზონის შემდეგ ლა ლიგას ვერ უბრუნდება. გუნდს ამჟამად ასიერ გარიტანო წვრთნის. წინა სეზონი კლუბმა 56 ქულით მე-11 ადგილზე დაასრულა, ხოლო ახალი სეზონის პირველი მატჩი 18 აგვისტოს „კორდობას“ წინააღმდეგ ჩატარდება.

თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ლაშა ოდიშარია კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელად იქცევა, რომელიც ესპანურ კლუბში იასპარეზებს — ამჯერად სეგუნდა დივიზიონში.