ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერლიგაში გამართულ შეხვედრაში  შთამბეჭდავი გოლი გაიტანა და „უნივერსიტატია კრაიოვას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

კრაიოვამ სუპერლიგის მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე „უნირია სლობოზიას“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

24 წლის ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში ჩაერთო. შეცვლიდან მალევე შორეული დარტყმით ბურთი მეკარისთვის აუღებელ კუთხეში მოათავსა და ანგარიში 2:1 გახადა. ამ ეპიზოდმა მატჩის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა და „კრაიოვას“ გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა.

ამ გამარჯვებით გუნდმა ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. კრაიოვას ამ დროისთვის 27 ქულა აქვს და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბოტოშანს“.

მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მიითვალა. მის აქტივშია 11 შეხვედრა და 4 საგოლე პასი რუმინეთის ჩემპიონატში, ხოლო კონფერენსლიგაზე დამატებით ერთი ასისტი.