იმ ეპოქაში, როდესაც სპორტული ეკიპირება ფუფუნება იყო, ასეთი ინციდენტი შესაძლოა საბედისწერო გამომდგარიყო. „ადიდასმა“ მაისური და გეტრი კი მიაწოდა, მაგრამ მთავარი ატრიბუტი, ბუცები, მაინც პრობლემად რჩებოდა. გამოსავალი კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ იპოვა, რომელსაც თავისი ზომის ორი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა წამოღებული და ერთი მეგობარს ათხოვა. სწორედ ჩივაძის ნათხოვარი ბუცებით გავიდა გაბელია მოედანზე იმ ისტორიული 90 წუთის სათამაშოდ, რომელმაც ქართული ფეხბურთი ევროპულ მწვერვალზე აიყვანა.

მატჩი მძიმე, წვიმიან ამინდში დაიწყო, რაც იენის „კარლ ცაისის“ ხისტ, ათლეტურ სტილს დამატებით ძალას მატებდა. გერმანელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ცდილობდნენ დინამოელთა ტექნიკური უპირატესობის ფიზიკური ძალით ჩახშობას. დაძაბულობამ პიკს 63-ე წუთზე მიაღწია, როდესაც გერჰარდ ჰოპემ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით აიღო დინამოს კარი. იმ წუთებში თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა ნოდარ ახალკაცის გუნდს სხვა გეგმები ჰქონდა. სულ რაღაც ოთხ წუთში, დავით ყიფიანისა და რამაზ შენგელიას ელეგანტური გათამაშების შემდეგ, ვლადიმერ გუცაევმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

როდესაც მატჩი უკვე დამატებითი დროისკენ მიდიოდა და ორივე გუნდი დაღლილობისგან ძალებს კარგავდა, დადგა 87-ე წუთი, წამი, რომელმაც ეპოქა შექმნა. ვიტალი დარასელიამ საჯარიმოსთან მიღებული ბურთი ორი მცველის ეფექტური მოტყუებით დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციებმა მოედნიდან გასახდელში გადაინაცვლა. ფეხბურთელები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს ევროპის დაპყრობა, ერთი კითხვის გარშემო გაერთიანდნენ: რა ხდებოდა შორს, სამშობლოში?

ოთარ გაბელია იმ წუთებს დიდი სითბოთი იხსენებს: „ძალიან გვაინტერესებდა, რა ხდებოდა თბილისში. შემდეგ დაგვიკავშირდნენ, სახლში დაგვარეკინეს. გვითხრეს, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, მთელ ქვეყანაში რა ხდებაო“. მაშინ საქართველო ქუჩაში იყო გამოსული, დიუსელდორფის ტრიუმფი ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ამ გამარჯვებით „დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კლუბი, რომელმაც ევროთასის მოპოვება შეძლო, ალექსანდრე ჩივაძის მიერ აღმართული თასი კი იმ თაობის დაუღალავი შრომისა და ნიჭის სიმბოლოდ იქცა.

გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა, თუმცა ემოცია კვლავაც ცოცხალია. 13 მაისი გვახსენებ, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი, თუნდაც სხვისი ბუცებით, შესაძლებელია მსოფლიოს გაოცება და ისეთი მწვერვალების დაპყრობა, რომლებიც ათწლეულებს უძლებს.

Written by Geogoalwise/ანა რესულიძე