ჯგუფის აუტსაიდერი მეტოქე ხუთივე ჩატარებულ მატჩში დამარცხდა და ახლა მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ სერია ნულოვანი ქულებით არ დახუროს. საქართველოსთვის კი ეს თამაშიც ემოციური ფონის გასასწორებლად და სამმატჩიანი უარყოფითი შედეგის შემდეგ სწორი ტონით დასასრულებლად მნიშვნელოვანია.

მატჩის წინ ვილი სანიოლმა და ოთარ კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს — ფრანგი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით მატჩს მაღალი წონა აღარ აქვს, გუნდისთვის ეს შეხვედრა მაინც პრინციპულია.

ვილი სანიოლი:
„ტურნირზე გადამწყვეტი არაფერი დარჩა, მაგრამ ეს მაინც ოფიციალური თამაშია და ვალდებულები ვართ, მოგებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამისთვის კი კარგი შესრულებაა საჭირო — თითოეული მომდევნო თამაში უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი. ფეხბურთში სიხარულიც არის და იმედგაცრუებაც, ასეა ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერში მაქსიმუმს ვდებდით და ვაგრძელებთ.“

სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის თემასაც შეეხო:
„როცა ჩაკვე ჩვენთანაა, ყოველთვის ქმნის სხვაობას. იმედი გვაქვს, რომ მალე სრულად მზად იქნება.“

ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში ახალი სახეების ინტეგრაციასაც შეეხო:
„ახალი ფეხბურთელების რეალურ ვითარებაში ნახვა ძალიან საჭიროა. ყველას არ ეძლევა ერთნაირი დრო, მაგრამ შეკრებაზე ყოფნა, გუნდის ატმოსფეროს შეგრძნება, საერთო ვარჯიში — ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ბერიაშვილი კარგად ჩაეწერება კოლექტივში. ოფიციალურ მატჩებში ექსპერიმენტებს არ გავაჭარბებთ — იქნება გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ჯანმრთელი ბალანსი.“

სანიოლმა გუნდის ენერგეტიკულ ფონსა და მოტივაციაზეც ილაპარაკა:
„როცა 2021 წელს ნაკრები ჩავიბარე, რთული ეტაპი გვქონდა, მაგრამ საერთო სამუშაომ შედეგი გამოიღო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც მოვახერხეთ. ამის შემდეგ მაღალი ემოციური წერტილიდან დაბრუნება ყოველთვის რთულია. ახლა მთავარი ამ მუხტის აღდგენა და თამაშში ის ენერგიის დაბრუნებაა, რაც ადრე გვქონდა.“

ოთარ კიტეიშვილი:
„ამ ციკლის წინ ბევრად უკეთეს შედეგს ველოდით, ამიტომ ყველას გვრჩება გულში იმედგაცრუება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, როგორ დავბრუნდებით სწორ გზაზე, როგორ გამოვასწორებთ შეცდომებს.“

კიტეიშვილმა ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა:
„ჩაკვე განსაკუთრებული ფეხბურთელია. როცა ერთად მოგვიწევს თამაში, ერთმანეთის შესაძლებლობები შესანიშნავად ვიცით — ეს დინამოდან მოდის. დანაკლისი ფეხბურთში ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ამაზე ზედმეტი საუბარი გუნდს ასუსტებს. ვინც გვაქვს, ისინი უნდა გავაძლიეროთ და სწორი გზით წავიდეთ.“