შეხვედრის ბედი ფაქტობრივად პირველივე ტაიმში გადაწყდა. მასპინძლებმა მაღალი ტემპით დაწყებული თამაში გოლების სერიად აქციეს და შესვენებამდე ხუთჯერ აიღეს მეტოქის კარი. მეორე ნახევარში „ერზრუმსპორმა“ შეტევა არ შეანელა და კიდევ სამი ბურთი დაამატა, რის შედეგადაც მატჩი ნამდვილ გოლურ ფესტივალად გადაიქცა.
მატჩში თავი გამოიჩინა საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ გიორბელიძემაც. 30 წლის ფეხბურთელმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მეორე ტაიმში მნიშვნელოვანი საგოლე გადაცემა მიითვალა.
75-ე წუთზე ქართველმა მცველმა ფლანგიდან ზუსტი ჩაწოდება შეასრულა, რასაც ახლად შემოსული შეიკნე სილას ეფექტური დასრულება მოჰყვა — ბურთი კარში აღმოჩნდა და ანგარიში 6:1 გახდა.
სილა ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს: მალელი თავდამსხმელი წარსულში საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და „მერანსა“ და „იბერია 1999“-ის მაისურიც მოურგია. ამ შეხვედრაში იგი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და მალე თავისი სიტყვაც თქვა.
„ერზრუმსპორი“ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება — გუნდი ჩემპიონატში ზედიზედ მე-12 გამარჯვებას ზეიმობს და სატურნირო ცხრილს 63 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. უახლოეს მდევარ „ეროკსპორს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, არზრუმელები ოთხი ქულით უსწრებენ.
მომდევნო ტურში ლიდერი 11 მარტს სტუმრად „უმრანიესპორს“ შეხვდება.
მიმდინარე სეზონში გურამ გიორბელიძემ თურქეთის პირველ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება შეიკნე სილას, 31 წლის თავდამსხმელს ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 6 გოლი და 2 ასისტი აქვს, ხოლო თურქეთის თასზე — 5 მატჩში 4 გოლი.
Comments powered by CComment