ლა ლიგა 2-ის ლიდერმა კლუბმა გულიაშვილი სარაევო-დან დაიმატა და მასთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს. ქართველი თავდამსხმელი ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ბოსნიური კლუბის კაპიტნის მიმართ ინტერესი სერიოზული იყო — მედიაში ფიგურირებდნენ აიკი და დინამო ზაგრები. საბოლოოდ, გულიაშვილმა არჩევანი სეგუნდას ლიდერზე შეაჩერა — გადაწყვეტილება, რომელიც როგორც სპორტული, ისე კარიერული ლოგიკით სრულად გამართლებულია.
გიორგი სარაევოში 2023 წლის იანვარში გადავიდა და მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 69 მატჩში მის ანგარიშზე 23 გოლი და 15 საგოლე პასია. ერთი სეზონი იჯარით ველეჟ მოსტარი-ში გაატარა, სადაც 24 შეხვედრაში 10 გოლი და 4 ასისტი დააგროვა. ეროვნულ ნაკრებში გულიაშვილს 6 მატჩი აქვს ჩატარებული (1 ასისტი).
რაც შეეხება ახალ გარემოს, ლა ლიგა 2-ში რასინგი 20 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზეა. სანტანდერული კლუბი უახლოეს მდევრებს მინიმალური სხვაობით უსწრებს და პირდაპირი დაწინაურებისთვის იბრძვის. გუნდი ხოსე ალბერტო ლოპესი-ს ხელმძღვანელობით 10 იანვარს საკუთარ მოედანზე სარაგოსას უმასპინძლებს, ხოლო გულიაშვილის დებიუტი უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. გამორიცხული არ არის, ქართველმა თავდამსხმელმა თავი უკვე ესპანეთის თასზე, ბარსელონა-ს წინააღმდეგაც გამოსცადოს.
მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილი მესამე ქართველი ლეგიონერია, ვინც სეგუნდაში ითამაშებს — აქამდე ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში უკვე ვიხილეთ იური ტაბატაძე და ლუკა გაგნიძე. ქართული კვალიც სეგუნდაში კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება.
Comments powered by CComment