ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში პარიზელებმა ხასიათი გამოავლინეს. მატჩის მთავარი გმირი მეკარე ლუკა შევალიე გახდა — მან პენალტების სერიაში მარსელის ორი დარტყმა მოიგერია და ტიტულის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
ლუის ენრიკემ გუნდი თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ათამაშა (აფრიკის ერთა თასზე მყოფი ჰაკიმის გამოკლებით). კვარაცხელია მოედანზე აქტიურად მოქმედებდა: ორჯერ სცადა შორიდან დარტყმა, სამჯერ წარმატებით გაიარა დრიბლინგი, 24 პასიდან 22 ზუსტად შეასრულა და ერთ ეპიზოდში დაცვაშიც უმაღლესი კლასის ჩარევა შემოგვთავაზა. ქართველი შემტევი 72-ე წუთზე შეცვალეს.
ანგარიში პარიზელებმა გახსნეს — უსმან დემბელემ ზუსტად დაარტყა. კვარას გასვლის შემდეგ მარსელმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ავტოგოლით წინაც გავიდა და შეხვედრის მოგებასთან ახლოს იყო. თუმცა 95-ე წუთზე ვიტინია-ს საოცარმა პასმა ყველაფერი შეცვალა: ბრედლი ბარკოლა-მ თავით გადააწოდა ბურთი ახლად შესულ გონსალო რამოში-ს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა — 2:2.
პენალტების სერიაში პსჟ-მ მაქსიმალური სიზუსტე აჩვენა — რამოშმა, ვიტინიამ, ნუნუ მენდეშმა და დეზირე დუემ თავიანთი დარტყმები უნაკლოდ შეასრულეს. მარსელნა მხოლოდ ერთი პენალტის გატანა შეძლო, დანარჩენი ორი კი შევალიემ მოიგერია — 4:1.
პარიზულმა გრანდმა საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში უკვე მე-14-ედ მოიგო. კვარაცხელიასთვის ეს პსჟ-ს მაისურით მოპოვებული ის ტიტულია, რომელიც მის კოლექციას აქამდე აკლდა — და 2026 წლის სტარტიც სიმბოლურად გამარჯვებით გაიხსნა.
საბოლოო ანგარიში:
პარი სენ-ჟერმენი 2:2 (პენალტები 4:1) მარსელი
გოლები: დემბელე (13), გრინვუდი (76, პენ.), პაჩო (87, ავტოგოლი), რამოში (95)
Comments powered by CComment