პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა შეტევაში გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა: ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე განლაგდა, ხოლო ბრედლი ბარკოლა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსიც მიიღო – 24-ე წუთზე მისი ძლიერი დარტყმა მცველმა ტილო კერერმა დაბლოკა.
მატჩის ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 27-ე წუთზე ვორენ ზაირ-ემერის შეცდომით ისარგებლა მაგნეს აკლიუშმა და „მონაკო“ დააწინაურა. პირველი ნახევარი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. „პარი სენ-ჟერმენი“ ბურთს მეტწილად აკონტროლებდა, თუმცა შეტევაში იდეებისა და სიმწვავის აშკარა დეფიციტი იგრძნობოდა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის მსვლელობისას მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, თუმცა პარიზელებმა მომენტების შექმნა მაინც ვერ შეძლეს.
55-ე წუთზე მოედანზე ახლად შესულმა ალექსანდრ გოლოვინმა „მონაკოს“ უპირატესობა გაზარდა და ანგარიში 0:2 გახადა. ცოტა ხანში ლუის ენრიკემ ცვლილებებს მიმართა – კვარაცხელია, ფერნანდესი და დუე შეცვალეს უსმან დემბელემ, ლიმ და მეილიუმ.
პარიზელებმა 71-ე წუთზე იმედი დაიბრუნეს, როდესაც ბრედლი ბარკოლას დარტყმა მცველის რიკოშეტით კარში აღმოჩნდა. თუმცა სტუმრებმა სწრაფადვე უპასუხეს – ორ წუთში ფოლარინ ბალოგუნმა კვლავ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მატჩის ბოლოს „მონაკოს“ მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ადინგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა.
მიუხედავად ამ მარცხისა, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის ცხრილს 57 ქულით კვლავ ლიდერობს. თუმცა პარიზელებს ახლა გაცილებით სერიოზული გამოცდა ელით – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ისინი ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 11 მარტს პარიზში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 17 მარტს ლონდონში.
თუ პსჟ ასეთ უსისტემო და ინერტულ ფეხბურთს აჩვენებს, ინგლისურ გრანდთან წარმატების მიღწევა ლუის ენრიკეს გუნდს ნამდვილად გაუჭირდება.
პარკ დე პრენსი, პარიზი
პსჟ – მონაკო 1:3
გოლები:
0:1 აკლიუში (27)
0:2 გოლოვინი (55)
1:2 ბარკოლა (71)
1:3 ბალოგუნი (73)
Comments powered by CComment