ფრანგული მედიისა და თურქული წყაროების ინფორმაციით, სტამბოლის ბეშიქთაში აქტიურად მუშაობს მეკარის დამატებაზე და ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ მამარდაშვილს განიხილავს. კლუბის პრეზიდენტმა სერდალ ადალიმ ბოლო პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ „ბეშიქთაში“ უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიფორმებს ახალ მეკარეს — და ეს განცხადება ტრანსფერულ ბაზარზე ბევრმა პირდაპირ მინიშნებად აღიქვა.
როგორც ირკვევა, თურქულმა მხარემ ლივერპული სეზონის ბოლომდე იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, სტამბოლელები ითხოვენ იჯარის გახანგრძლივების უფლებასაც, რაც მათ ზაფხულში დამატებით მოქნილობას მისცემს. ინგლისური კლუბის საბოლოო პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.
გარიგებას სირთულეს ისიც მატებს, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება და „ლივერპულისთვის“ მეორე მეკარის გაშვება ასეთ მოკლე ვადაში რისკთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ალტერნატიული სცენარიც არსებობს: მერსისაიდელებს „აიაქსში“ განათხოვრებული ჰყავთ ვიტეშლავ იაროში, რომელიც მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და საჭიროების შემთხვევაში მისი დაბრუნება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანი დეტალია რეგულაციებიც — მაშინ, როცა ევროპის უმეტეს ლიგაში ტრანსფერები უკვე იკეტება, თურქეთში კლუბებს კიდევ რამდენიმე დღე ექნებათ ფეხბურთელების დამატების უფლება. ეს გარემოება „ბეშიქთაშს“ დროსა და მანევრის სივრცეს უტოვებს.
სტატისტიკის თვალსაზრისით, მამარდაშვილის სეზონი ლივერპულში ფრაგმენტულია: ჩატარებული აქვს 11 მატჩი, გაშვებული აქვს 17 გოლი და ორჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ძირითადად შანსი ალისონის ტრავმის პერიოდში მიეცა, ნოემბრის ბოლოდან კი მოედანზე მხოლოდ ერთხელ გავიდა — ასოციაციის თასზე.
რაც შეეხება „ბეშიქთაშს“, კლუბი შიდა ჩემპიონატში მოლოდინებს აშკარად ვერ ამართლებს — 33 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება, რაც სტამბოლური გრანდის ამბიციებთან აშკარად შეუსაბამოა. სწორედ ამიტომ, ხელმძღვანელობა ზამთრის ფანჯარაში პოზიციების გაძლიერებას კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.
ახლა ყველაფერი „ლივერპულის“ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული — მიიღებს თუ არა ინგლისური გრანდი შეთავაზებას, რომელიც მამარდაშვილს რეგულარული სათამაშო დროის დაბრუნების რეალურ შანსს აძლევს.
Comments powered by CComment