სწორედ ამ ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული სახე 16 წლის ბექა ბარამიძეა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ გუნდში უკვე ორი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა, რითაც დაამტკიცა, რომ აკადემიის მოთამაშეებს კლუბისთვის კრიტიკულ მომენტში რეალური დახმარების გაწევა შეუძლიათ.

ბექა ბარამიძის საფეხბურთო ბიოგრაფია აჭარის მაღალმთიანეთიდან, ქედიდან იწყება. სწორედ იქ, 5-6 წლის ასაკში, მამის მხარდაჭერით გადადგა პირველი ნაბიჯები ადგილობრივ სასპორტო აკადემიაში. 7 წლის ასაკში კი, საკუთარი სურვილითა და მიზანდასახულობით, გადაწყვიტა განვითარება უფრო მაღალ დონეზე გაეგრძელებინა და „დინამო ბათუმის“ აკადემიას შეუერთდა. „თავიდან მამაჩემმა დამაწყებინა, მისგან ვიღებდი ყველაზე დიდ მხარდაჭერას. დღემდე ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორები ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები არიან“, - აღნიშნავს ფეხბურთელი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს პირველ გუნდამდე მივიდა, მისი ყველა იმ მწვრთნელის დამსახურებაა, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, ბექა მადლობას უხდის გუნდის მოქმედ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილსა და სამწვრთნელო შტაბს, რადგან მათგან მუდმივად გრძნობს ნდობას და ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების შანსი.

სადებიუტო გოლის მომენტს მოთამაშე თავშეკავებულად იხსენებს და ამბობს, რომ იმ წამს მომხდარის გააზრება გაუჭირდა: „როდესაც გოლი გავიტანე, ჯერ კიდევ არ მჯეროდა. სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს ჩემი ემოციები“. ეს გოლი მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი კი არა, იმის დასტურია, რომ კლუბის მხრიდან აკადემიის მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთება გამართლებული ნაბიჯია. ბარამიძე მოედანზე თავს ყველაზე კომფორტულად მარჯვენა ვინგერისა და „ათიანის“ პოზიციაზე გრძნობს. მისი მთავარი ძლიერი მხარე ტექნიკაა, რაც მას საშუალებას აძლევს მჭიდრო დაცვის პირობებშიც კი სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და თამაშის ტემპი აკონტროლოს.
საკუთარ სათამაშო სტილზე საუბრისას, ბექა ხაზს უსვამს, რომ ცაციაა. სწორედ ამიტომ, ის განსაკუთრებულ ყურადღებას სხვა მემარცხენე მოთამაშეებს აქცევს და ცდილობს მათგან ბევრი რამ ისწავლოს. საყვარელ ქართველ ფეხბურთელად გიორგი არაბიძეს ასახელებს, საერთაშორისო დონეზე კი მისი სიმპათიები მადრიდის „რეალსა“ და კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. თავისუფალ დროს ბექა ისევ ფეხბურთს უთმობს, უყურებს თითქმის ყველა მატჩს, რათა პროფესიულად განვითარდეს და საკუთარი პოზიციის მოთამაშეების მანევრებს დააკვირდეს. მისთვის ფეხბურთი არა მხოლოდ პროფესია, არამედ მუდმივი შემეცნების პროცესია.

16 წლის ასაკში მიღებული გამოცდილება ბარამიძისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც მას ვკითხეთ, რას ეტყოდა „პატარა ბექას“, მისი პასუხი მოკლე და რეალისტური იყო: „ვეტყოდი, რომ თავდაუზოგავად უნდა იშრომოს და არ უნდა დანებდეს, რათა თავისი ოცნებები აისრულოს“. ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მის დამოკიდებულებას საქმისადმი. მან იცის, რომ ერთი გოლი მხოლოდ დასაწყისია და წინ გაცილებით რთული გზაა სტაბილურობის მოსაპოვებლად. პროფესიონალიზმი, რომელსაც ის ამ ასაკში ავლენს, იმედის მომცემია როგორც კლუბისთვის, ისე ქართული ფეხბურთისთვის.
ბექა ბარამიძის შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონული აკადემიებისა და ბავშვთა მწვრთნელების მუშაობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლუბი საკუთარ რესურსებზე გადართვას ცდილობს. ბათუმის „დინამოსთვის“ კი ბარამიძე არის მოთამაშე, რომელიც გუნდს დამატებით ენერგიასა და ტექნიკურ მრავალფეროვნებას სძენს. ახლა მთავარი გამოწვევა ფეხბურთელისთვის ამ ტემპის შენარჩუნება და ყოველდღიური პროგრესია, რათა დაამტკიცოს, რომ სადებიუტო გოლი არა შემთხვევითობა, არამედ თანმიმდევრული შრომის კანონზომიერი შედეგი იყო.
Comments powered by CComment