მეცხრე წუთზე კონატეს შეცდომის შემდეგ დოკუ ქართველ მეკარესთან პირისპირ დარჩა. კონტაქტის შემდეგ ბელგიელი წაიქცა, VAR-ის ჩარევით დაინიშნა პენალტი, მაგრამ მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდის დარტყმული ბრწყინვალედ მოიგერია. ამ სეივით გიორგი გახდა ევროპის ტოპ-5 ლიგების ლიდერი პენალტების მოგერიების რაოდენობით — 2023 წლიდან დღემდე მან 6 თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

„სიტიმ“ უპირატესობის გამოყენება მაინც შეძლო: ჰოლანდის დარტყმა კონატეს შეეხო და რიკოშეტით ბადეში აღმოჩნდა. მალევე ვან დეიკმა მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ რობერტსონის თამაშგარემ გოლი გააუქმა. ტაიმის მიწურულს გონსალესის დარტყმულიც ვან დეიკს მოხვდა და მეორე რიკოშეტით ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ნახევარში „ლივერპული“ შეტევაში გადავიდა, თუმცა დოკუს შორეული გასროლა გამორჩეული სილამაზით გამოირჩეოდა და საბოლოოდ ანგარიშს წერტილი დაუსვა — 3:0.

მარცხის მიუხედავად, მამარდაშვილის თამაში კვლავ შთამბეჭდავი იყო — სამი გაშვებული გოლიდან ორი რიკოშეტით გავიდა, ხოლო მისი პენალტის მოგერიება ტურის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.

ამ დროისთვის „ლივერპული“ 18 ქულით მერვე ადგილზეა და 22 ნოემბერს „ნოტინგემს“ უმასპინძლებს, ხოლო „სიტი“ 22 ქულით მეორე პოზიციაზეა და იმავე დღეს სტუმრად „ნიუკასლს“ შეხვდება.