პირველი ტაიმი დინამიური და დაძაბული იყო. სტუმრებმა საწყის წუთებში არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს — ჯერ როჯერსმა ძელს გაარტყა, შემდეგ კი მამარდაშვილმა როჯერსის დარტყმები მოიგერია, რითაც გუნდი რთული სიტუაციებისგან იხსნა. სწორედ ამ ეპიზოდების შემდეგ „ლივერპული“ გააქტიურდა: სობოსლაიმ ვერ გამოიყენა ორი შანსი, ეკიტიკეს გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა, თუმცა კომპენსირებულ დროში მოჰამედ სალაჰმა მაინც გახსნა ანგარიში — ეს გოლი ეგვიპტელი ვარსკვლავის 250-ე გოლია „წითლების“ მაისურით.

შესვენების შემდეგ თამაშზე სრული კონტროლი უკვე არენ სლოტის გუნდმა აიღო. 62-ე წუთზე რაიან გრავენბერხის დარტყმულ ბურთს პაუ ტორესს შეეხო და რიკოშეტით ემის მარტინესის კარში აღმოჩნდა — საბოლოო ანგარიში 2:0.

ამ გამარჯვებით „ლივერპულმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 18 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აღზევდა. გუნდის შემდეგი გამოცდა განსაკუთრებით საინტერესო იქნება — 5 ნოემბერს „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება მადრიდის „რეალთან“ ელოდება.