„რთული შეხვედრა იყო. დასაწყისში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით და ორი გოლი ჩვენს შეცდომებს მოჰყვა. ახლა მთავარი ის არის, რომ ამ შეცდომებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ და მომდევნო თამაშებში აღარ გავიმეოროთ.
„ბაიერნი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია? ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ საოცრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ათი კაცით შესანიშნავად იცავდნენ თავს,“ – აღნიშნა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელი ასევე შეეხო სეზონის დატვირთვასა და ფიზიკურ მდგომარეობას:
„თითქმის ყოველ სამ დღეში მატჩი გვაქვს. აღდგენა ძალიან სწრაფად უნდა მოვახერხოთ. როცა მცირე ტკივილები გაქვს, მაინც უნდა ითამაშო – ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. არჩევანი არ გვაქვს – ეს ფეხბურთია, ეს ჩვენი საქმეა.“
საუბრის ბოლოს ხვიჩამ მიუნხენელთა კაპიტანი განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია:
„მანუელ ნოიერი ჩემთვის სპორტის ლეგენდაა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის უნიკალური გამოცდილებაა.“
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას – შეხვედრა ენერგიულად დაიწყო. სტუმრებმა პირველი ბურთი უკვე მე-8 წუთზე ლეროი სანეს პასით დიასმა გაიტანა. მალევე უსმან დემბელემ გაათანაბრა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა, თავად ფრანგმა კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
პირველი ტაიმის მიწურულს დიასმა მეორე გოლიც მიითვალა, მაგრამ რამდენიმე წუთში ჰაკიმის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, არბიტრმა ვარის შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა.
მეორე ტაიმში პარიზელთა ზეწოლამ შედეგი მხოლოდ ბოლო წუთებში გამოიღო — რუბენ ნევეშმა სხვაობა შეამცირა (1:2), თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა ვერაფერი შეცვალეს.
პარიზელები 9 ქულით მესამე ადგილზე დარჩნენ და მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს შინ „ტოტენჰემთან“ გამართავენ. „ბაიერნი“ კი, 12 ქულით „არსენალთან“ ერთად, ჯგუფის ლიდერია და იმავე დღეს ლონდონში სწორედ „არსენალს“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment