ლა ლიგის მე-8 ტურში „ვილიარეალი“ სტუმრად 1:3 დამარცხდა, თუმცა ჩვენთვის მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი სწორედ 24 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. მიქაუტაძე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და საჯარიმოს გარედან მისმა ზუსტმა დარტყმამ ტიბო კურტუას არანაირი შანსი არ დაუტოვა.
ეს გოლი სიმბოლურად იქცა გიორგის პროგრესის მაჩვენებლად — თავდაჯერება, ტექნიკა და სწრაფი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მაღალი დონის მოთამაშეებს ახასიათებთ.
ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველის გოლი განსაკუთრებული ეპითეტებით შეაფასა:
„მიქაუტაძე პატარა ეშმაკია — მოედანზე მისმა მოძრაობამ „რეალის“ მცველებს პრობლემებშ ჩააგდო. ისეთი გოლი გაიტანა, რომელსაც მხოლოდ ინტუიციასა და გამბედაობაზე დამყარებული თავდამსხმელები იტანენ.“
გიორგის თამაში მაღალი შეფასებით შეაფასა გუნდის თავკაცმაც. „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველზე ისაუბრა:
„გიორგი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია, მაგრამ უკვე აჩვენებს, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს. შეუძლია მნიშვნელოვანი მატჩების ბედი გადაწყვიტოს და მაღალი დონის მეკარეებსაც გაუტანოს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი მიზნების მიღწევაში დიდ როლს შეასრულებს.“
მიქაუტაძისთვის ეს ლა ლიგაში მეორე, ხოლო „ვილიარეალის“ მაისურით საერთო ჯამში მესამე გოლია. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა შვიდ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
საფრანგეთიდან ესპანეთში გადმოსვლის შემდეგ მიქაუტაძის პროგრესი თვალსაჩინოა — მან უკვე ორჯერ გაიტანა ევროპული გრანდების კარში: ჯერ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში, ახლა კი „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ ლა ლიგაში.
გიორგი ამ ფორმით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უერთდება. გუნდი ოქტომბერში ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს — 11 ოქტომბერს ესპანეთის, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთის წინააღმდეგ.
„ვილიარეალი“ ამ დროისთვის 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ შეხვდება.
Comments powered by CComment