ამჟამად „ფროზინონე“ სერია B-ის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება (11 ტურის შემდეგ 21 ქულით) და სერია A-ში გადასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

Sakartvelo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის დეტალურად საუბრობს საკუთარ განვითარებაზე, იმ სირთულეებზე, რაც იტალიურ ფეხბურთში გაიარა, და მიზნებზე, რომლებიც წინ ელოდება.


gettyimages
Photo via Getty Images

„პირველი წელი ჩემთვის გამოცდა იყო, მაგრამ სწორედ იქ მივიღე ყველაზე დიდი გამოცდილება“

 საუბარი იმ პერიოდით დავიწყეთ, როცა პირველად გადავიდა სერია A-ში და მის წინ სრულიად ახალი რეალობა გადაიშალა.

– გიორგი, უკვე მესამე სეზონს ატარებ იტალიაში. როგორ შეაფასებ ამ პერიოდს მთლიანობაში და სად იგრძენი ყველაზე დიდი პროგრესი ბოლო წლებში?

პირველი წელი ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო. საერთო ჯამში სულ რამდენიმე შეხვედრა ვითამაშე, მაგრამ იმ პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროგრესზე. ვვარჯიშობდი უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან, რომლებიც დღეს პრემიერ ლიგასა და სერია A-ში თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სათამაშო დრო ნაკლები მქონდა, სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად განსხვავებულია პროფესიონალიზმის დონე იტალიაში და რამდენად ბევრს ნიშნავს ყოველდღიური დისციპლინა.


„სირთულეებით დავიწყე, მაგრამ მერე ალღო ავიღე და ყველაფერი შეიცვალა“

მეორე სეზონი გიორგისთვის ბევრად შედეგიანი აღმოჩნდა. თუმცა აღნიშნა, რომ დასაწყისი მარტივი არ ყოფილა.

– იყო თუ არა პერიოდი, როცა იტალიაში გიჭირდა — ფიზიკურად, მენტალურად ან ემოციურად?

პირველი 10 თამაში ჩემთვის რთული იყო. ფიზიკურად ვერ ვგრძნობდი თავს სრულად მზად, თითქოს ორგანიზმი ვერ ეწყობოდა ტემპს. მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდიოდი. უკვე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდასეზონის მეორე ნახევარში ჩემი თამაში სრულიად შეიცვალა — გოლების გატანაც დავიწყე, მეტი სათამაშო დრო მივიღე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შრომა, თავდაჯერება და მოთმინება ყველაფერია.


Photo via Getty Images

„ჩემი მთავარი იარაღი მოედანზე დრიბლინგი და სივრცის შეგრძნებაა“

– შენი აზრით, რა არის შენი მთავარი იარაღი მოედანზე, რაც გამოგარჩევს სხვა მოთამაშეებიდან?

ვფიქრობ, ჩემი მთავარი იარაღი დრიბლინგია — ერთი ერთზე წასვლა და სივრცის გამოყენება. სისწრაფე მაძლევს საშუალებას, რომ თამაში უფრო დინამიკური გავხადო. ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი ზონები მაქსიმალურად გამოვიყენო და გუნდს სივრცე მივცე შეტევაში.


„იტალიაში ყოველდღე სწავლობ რაღაც ახალს – ფიზიკურად და მენტალურად“

საუბარი იტალიურ ფეხბურთზე — ქვეყანაზე, სადაც ტაქტიკური დისციპლინა და პროფესიონალიზმი თითქმის კულტადაა ქცეული.

– რა არის შენი აზრით იტალიური ფეხბურთის ყველაზე დიდი ღირებულება?

„იტალიაში ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე არ ისწავლება — აქ ყველაფერი დეტალამდეა გაწერილი. კვირაში ოთხჯერ მაინც გვაქვს თეორიული სესიები, რომლებიც მთლიანად ტაქტიკას ეძღვნება. თითოეულ შეხვედრას ცალკე ვაანალიზებთ: როგორ თამაშობს მოწინააღმდეგე, როგორ უნდა დავაბალანსოთ პრესინგი, ან სად უნდა დავდგეთ სივრცის დასაცავად.

ფიზიკურ მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თავიდან ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიური დატვირთვა ამდენად ინტენსიური იქნებოდა — სირბილი, ძალოვანი ვარჯიშები, გამძლეობაზე მუშაობა, ხოლო მატჩამდე ორი დღით ადრე შედარებით მსუბუქ რეჟიმში ვარჯიშობთ.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როცა ამ ტემპს მიეჩვევი, თამაშიც ბევრად მარტივდება. ახლა უკვე შემიძლია სრული 90 წუთის თამაში და საჭიროების შემთხვევაში — 120-იც. ეს ყველაფერი იმ უზარმაზარი შრომის შედეგია, რასაც ყოველდღიურად ვდებთ აქ.“


Photo via Nakrebi.ge

„ქართველებს ნიჭი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ფიზიკურ მომზადებაში სხვები გვასწრებდნენ“

საუბარი გადავიდა განსხვავებაზე საქართველოს და იტალიურ ფეხბურთს შორის — გარემოზე, მიდგომაზე და პროფესიონალიზმის დონეზე.

– შენ მოგიწია თამაში საქართველოს ეროვნულ ლიგაშიც. როგორ ფიქრობ, რა განსხვავებაა ქართველი და ევროპელი ფეხბურთელების მენტალიტეტს შორის?

ფიზიკურ მომზადებაში უზარმაზარი სხვაობაა. ჩვენზე ნიჭიერ ერს იშვიათად ნახავ, მაგრამ ევროპაში ბავშვობიდანვე სხვანაირად ამზადებენ მოთამაშეს. იქ სხეულზე მუშაობა და გამძლეობა ისეთივე პრიორიტეტია, როგორც ტექნიკა. 

იტალიაში თითქმის ვერ ნახავ ფეხბურთელს, რომელიც თავს ზოგავს. ვარჯიშის შემდეგ თითქმის ყველა რჩება სპორტდარბაზში — აკეთებს გაწელვებს, აღდგენით ვარჯიშებს და დამატებით სამუშაოსაც. საქართველოში კი ეს კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებადაა დამკვიდრებული, განსაკუთრებით კლუბებში, სადაც ინფრასტრუქტურა შეზღუდულია.

როცა თელავში ვთამაშობდი, ცალკე ვარჯიშის პირობები პრაქტიკულად არ არსებობდა — ყველაფერი საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული. იტალიაში კი პირიქითაა: აქ ყველაფრისთვის გიქმნიან პირობებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც შენზეა — რამდენად გამოიყენებ ამ შესაძლებლობას და რამდენად იმუშავებ საკუთარ თავზე.


„ფროზინონეში ყველა ერთი მიზნისთვის ვიბრძვით“

– „ფროზინონე“ ამჟამად ლიდერია სერია B-ში. რა არის თქვენი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში?

სეზონის დასაწყისში არავის ჰქონდა ხმამაღალი მიზანი, მაგრამ შედეგებმა თვითონ ყველაფერი გვიჩვენა. მოვიგეთ პირველი თამაშები, გუნდში ატმოსფერო კარგია და დღეს ყველა ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია სერია A-ში გადასვლა. ეს ამბიცია ჩვენ თვითონ გავაჩინეთ — ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, გულშემატკივრებმა. ყველანი ერთნაირად ვიბრძვით.


Photo via Nakrebi.ge

„ნაკრებში დებიუტი ოცნება იყო – ესპანეთთან თამაშს ვერაფერს შევადარებ“

– მოდი ახლა შენს დებიუტზე ვისაუბროთ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე ითამაშე — როგორი იყო ეს ემოცია?

როცა ზურაბ ხიზანიშვილმა დამირეკა, დედასთან ერთად ვიყავი. თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო — მაგრამ როგორც კი ხმა ვიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს განსაკუთრებული ზარი იყო. იმ წამს გავიაზრე, რომ საქართველოს ნაკრებში მიწვევდნენ.

ეს ის წუთი იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ერთხელ მაინც მოირგოს ეროვნული ნაკრების ფორმა — ჩემთვის კი ეს ემოციურად ყველაზე ძლიერი მომენტი იყო კარიერაში.

დებიუტი ესპანეთის წინააღმდეგ მქონდა — ურთულესი შეხვედრა, მაგრამ საოცარი გამოცდილება. როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ და იმ მოთამაშეებს უპირისპირდები, რომელთა თამაშსაც ბავშვობაში ტელევიზორში ადევნებდი თვალს, ეს შეგრძნება განსაკუთრებულია და სიცოცხლის ბოლომდე გრჩება.


„ყველაზე დიდი სიხარული ხორვატიასთან გამარჯვება იყო“

– რომელი ეპიზოდი გახსენდება ყველაზე ემოციურად შენს კარიერაში დღემდე?

ხორვატიასთან პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ყველაზე ემოციური დღე ჩემს კარიერაში — იმ საღამოს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავედით. მაშინ ნამდვილად გავიაზრე, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. 


„ოცნება მაძლევს მოტივაციას, მაგრამ დისციპლინას მოაქვს პროგრესი“

– რა გაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას ყოველდღიურობაში?

ოცნება მაძლევს მოტივაციას, მაგრამ დისციპლინას მოაქვს პროგრესი. შეიძლება დღე იყოს, როცა არც ენერგია გაქვს და არც ვარჯიშზე წასვლა გინდა, მაგრამ სწორედ ასეთ დროს იზრდები. როცა რთულია და მაინც აგრძელებ — სწორედ მაშინ ვითარდები როგორც სპორტსმენი.


Photo via Getty Images

„ახალ თაობას უკვე სხვა მიდგომა აქვს – პროფესიონალიზმი იზრდება“

– ბევრს მიაჩნია, რომ ქართველებს ტალანტი არასდროს აკლდათ, მაგრამ აკლდათ სტაბილურობა და პროფესიონალიზმი. შეიცვალა ეს ახალი თაობის მოსვლასთან ერთად?

დღეს ქართული ფეხბურთი სრულიად სხვა ეტაპზეა. ხუთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ გვეყოლებოდა ამდენი ქართველი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში — კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი, გოგლიჩიძე… ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ხვიჩამ ყველას მაგალითი აჩვენა, რომ ქართველს შეუძლია ევროპის ტოპ გუნდში თამაშიც და ტიტულების მოგებაც.


„მინდა სტაბილურად ვითამაშო ნაკრებში და ფროზინონესთან ერთად სერია A-ში გადავიდე“

–  რა მიზნები გაქვს უახლოეს მომავალში და რას ეტყოდი გულშემატკივრებს, ვინც შენს გვერდით არიან?

ახლა ჩემი მთავარი მიზანი ერთია — ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრება და ფროზინონესთან ერთად სერია A-ში გადასვლა. გულშემატკივრებს კი მადლობა მინდა გადავუხადო. მათი მხარდაჭერა ყველაფერია. როცა იცი, რომ შენი ქვეყნის ხალხი შენს გვერდით დგას, სტადიონზე გასვლა ბევრად მარტივია. შეიძლება ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ იყოს, მაგრამ მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ — ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხის გულისთვის.