გრასიას თქმით, ქართველი ნახევარმცველი უკვე გადავიდა რეაბილიტაციის აქტიურ ფაზაში და ბურთით ვარჯიშს იწყებს, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებს დროს, რათა სრულფასოვან ფორმაში დაბრუნდეს.

„გიორგი ეტაპობრივად უმჯობესდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მისი აღდგენის დინამიკა და ზუსტად მოვძებნოთ ის მომენტი, როცა ის მზად იქნება სრულფასოვნად დაბრუნებისთვის,“ – აღნიშნა გრასიამ.

ჩაკვეტაძე  ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზეა და როგორც მწვრთნელმა დაადასტურა, შაბათს „მიდლსბროსთან“ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

გრასიამ ასევე აღნიშნა, რომ გუნდის სხვა მოთამაშეებთან ერთად ქართველი ნახევარმცველის პროგრესით კმაყოფილია და მისი დაბრუნება შეტევის დინამიკას საგრძნობლად გააძლიერებს.

„გიორგი ტექნიკურად გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაშის ტემპის შეცვლა. ჩვენ ველით მის დაბრუნებას, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად და უსაფრთხოდ,“ – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ჩაკვეტაძეს ამ სეზონში ჯერჯერობით არ უასპარეზია „უოტფორდის“ მაისურით, თუმცა კლუბის შიგნიდან მიღებული ინფორმაციით, ქართველი მოთამაშე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ნოემბერში ვარჯიშის სრულ რეჟიმში ჩაერთოს.