პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა: პსჟ-ს ბურთს ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები ვერ შექმნა. შესვენების შემდეგ თამაში უფრო დინამიკური გახდა – ნუნო მენდეშმა ზუსტად დაარტყა და სტუმრები წინ გაიყვანა, თუმცა სიხარულს მალევე ჩრდილი დაადო იგორ სილვამ, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
62-ე წუთზე ლუის ენრიკემ იძულებითი ცვლილება განახორციელა – ტრავმირებული დუე საკაცით მოედნიდან გაიყვანეს, ხოლო მის ნაცვლად მინდორზე ხვიჩა კვარაცხელია და ბარკოლა გამოჩნდნენ. ამ ცვლილების შემდეგ „პარი“ სრულად გადაერთო შეტევაზე: ბარკოლას და კვარაცხელიას აქტიურობამ მეტის მოლოდინი გააჩინა, თუმცა მეკარე მვოგომ ორი ურთულესი ბურთი მოიგერია, ვიტინიას დარტყმა კი ოდნავ ასცდა მიზანს.
შეხვედრა საბოლოოდ 1:1 დასრულდა – შედეგი, რომელმაც პარიზელებს ლიდერობა მაინც შეუნარჩუნა (21 ქულა), თუმცა გუნდი აშკარად განწყობილია, რომ დაკარგული ქულები მალე აანაზღაუროს. შემდეგი ტურის შეხვედრაში პსჟ 1 ნოემბერს „ნიცას“ დაუპირისპირდება.
Comments powered by CComment