პირველ ნახევარში პარიზელები ბურთს ფლობდნენ, მაგრამ გოლის მომენტები იშვიათად ჰქონდათ. ყველაზე დრამატული ეპიზოდი მაშინ მოხდა, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე რეაქციით მეტოქის დარტყმული ბურთი თავით კარის ხაზიდან გამოიტანა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

შესვენების შემდეგ ლუის ენრიკემ ცვლილებებით სცადა შეტევის გააქტიურება – მოედანზე გამოვიდნენ ფაბიან რუისი, ლი კანგინი, უსმან დემბელე და გონსალუ რამუში. ზეწოლა გაიზარდა, თუმცა ნიცას მეკარე დიუფი შესანიშნავად თამაშობდა და რამდენჯერმე გადაარჩინა სტუმრები.

ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა: ხვიჩა კვარაცხელიამ თავით გააგრძელა კანგინის ჩაწოდებული კუთხური რამუშზე, რომელმაც ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.

ამ შედეგით „პარი სენ ჟერმენი“ 24 ქულით ისევ სატურნირო ცხრილის სათავეშია და მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავს.