26 წლის ნახევარმცველი ტრავმის გამო თითქმის 234 დღე უთამაშებელი იყო და ჩემპიონშიპის მე-17 ტურში ბოლოსდაბოლოს შეძლო დაბრუნება. პრესტონთან დაპირისპირებაში ქართველმა ბოლო 17 წუთი ითამაშა და როგორც თავად თქვა, ამ დღემ მას ემოციურად განსაკუთრებული დატვირთვა მისცა.
„მთელი ეს პერიოდი ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. ვიცოდი, რომ დაბრუნებას დრო დასჭირდებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ბედნიერი ვარ, რომ ისევ მინდორზე ვარ,“ – განუცხადა ჩაკვეტაძემ ოფიციალურ ვებგვერდს.
„მწვრთნელმა მითხრა, რომ უბრალოდ თამაშით სიამოვნება მიმეღო და მარცხენა ფლანგზე აქტიურად მემოქმედა. ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი სპეციალისტია — გუნდისთვის ყოველდღიურად დიდ ენერგიას ხარჯავს,“ – აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ბოლოს 5 აპრილს, ბრისტოლ სიტისთან მატჩში ითამაშა.
ჩაკვეტაძის დაბრუნებას თავად გრასიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფეხბურთელი ფიზიკურად მწყობრშია, თუმცა ოპტიმალურ ფორმამდე მისასვლელად კიდევ დრო და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
„იგი უკვე მზადაა, მაგრამ ამ ეტაპზე მას 15–20 წუთის თამაში მაქსიმალურია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოთამაშის ფორმის აღდგენა ეტაპობრივ პროცესს საჭიროებს. ყველა ჩვენგანმა იცის მისი კლასი, ამიტომ მისი დაბრუნება ძალიან გვახარებს,“ – განაცხადა გრასიამ.
Comments powered by CComment