გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. სტუმრებს შორის იყვნენ ფიფას წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი და უეფას ნაციონალური ასოციაციების დირექტორის მოადგილე ტიერი ფავრი.

ღონისძიებას დაესწრნენ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფედერაციის ხელმძღვანელები, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მიხეილ მესხის ოჯახის წევრები და ვეტერანი თუ მოქმედი „ავაზელები“. ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებისთვის ღია ვარჯიში ჩაატარეს.

„ავაზას“ ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული საფეხბურთო მოედანი ტრიბუნითა და განათებით, მინი მოედანი, ასევე ახალი ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. მიწის ნაკვეთი სფფ-ს თბილისის მერიისგან 2022 წელს გადაეცა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით.

პროექტი ფიფას პროგრამა Forward-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და სფფ-ის დაფინანსებით განხორციელდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას თავად ფედერაცია უზრუნველყოფს.

ახალი ინფრასტრუქტურით ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ.

„ავაზა“ ბოლო წლების იმ მასშტაბური პროექტების გაგრძელებაა, რომლებსაც სფფ ახორციელებს როგორც დედაქალაქში (ვარკეთილი, გლდანი, დიდი დიღომი, ვაკე, ნუცუბიძის პლატო), ასევე რეგიონებში – ფოთში, რუსთავში, ქუთაისში, სამტრედიაში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.