ვილი სანიოლმა ორივე შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში ორი ახალი სახეა — ესპანური „კადისის“ 25 წლის შემტევი იური ტაბატაძე და სლოვაკური „ჟილინას“ 20 წლის მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე, რომლებმაც ეროვნულ ნაკრებში გამოძახება პირველად მიიღეს. გუნდი მზადებას 10 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო ქუთაისი“, საქართველო), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), იური ტაბატაძე („კადისი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).
ვილი სანიოლის კომენტარები
ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდი რთულ ეტაპზეა, თუმცა პროცესის გაგრძელება და ახალი თაობის ინტეგრაცია მთავარი ამოცანაა:
„დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ვიცოდით, რომ შემდეგ ასე გაგრძელება რთული იქნებოდა. თაობათა ცვლა გარდაუვალია — წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებს, მაგალითად ნარიმანიძეს, ნაკრების გარემოსთან ადრევე ჰქონდეთ შეხება. სიგუას ამჟამად შესანიშნავი ფორმა აქვს, მის მწვრთნელსაც ვესაუბრე და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს ვიღებ.“
სანიოლმა ისიც აღნიშნა, რომ გუნდს ჯერ კიდევ აქვს მეორე ადგილის თეორიული შანსი:
„ეს რთული ეტაპია, მაგრამ ჩვენ შენების პროცესში ვართ და მიზნად გვაქვს პროგრესი. ტაქტიკა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია — მთავარი არის კონცენტრაცია, აგრესია და გუნდური დამოკიდებულება.“
მან ასევე შეეხო ინდივიდუალურ შემთხვევებს:
„აზაროვს თამაში აკლია, თვეში მხოლოდ ერთ შეხვედრას ატარებს, რაც ფიზიკურად არასაკმარისია. დვალი ესპანეთის წინააღმდეგ ჩემს დავალებებს ვერ მოერგო, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. გვინდა, გოჩოლეიშვილს მეტი დრო მივცეთ — ის მარცხნივ უფრო პროდუქტიულია, ვიდრე პოზიციით მარცხენა მცველები.“
ალექსანდრე იაშვილის პოზიცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, სრული მხარდაჭერა გამოხატა მთავარი მწვრთნელის მიმართ:
„სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო არჩევანია. რთული პერიოდები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა მისი ხედვის. ემოცია, რაც ერთ დროს გვქონდა, ბოლო მატჩებში ნაკლებად გამოჩნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ეტაპი დროებითია. ვილი მომდევნო წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება.“
იური ტაბატაძის ემოციური კომენტარი
25 წლის იური ტაბატაძე, რომელიც „კადისში“ გამორჩეული სეზონს ატარებს (11 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი), ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდა. ქართველმა შემტევმა ესპანურ კლუბთან ინტერვიუში ემოციურად ისაუბრა გამოძახებაზე:
„ეს დიდი პატივია. საკუთარი ქვეყნის ფორმის ჩაცმა ოცნებაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. განსაკუთრებულია, როცა ესპანეთის წინააღმდეგ თამაშობ და შეგიძლია შენი შესაძლებლობები ლა ლიგის ვარსკვლავებთან გამოცადო. ეს არის შანსი, დავინახო, სად ვარ ამ დონეზე.“
ლა ლიგა 2-ის სეზონი სანაკრებო პაუზაზე არ ჩერდება, რის გამოც ტაბატაძე ალმერიასთან შეხვედრას გამოტოვებს:
„ვუსურვებ წარმატებას ჩემს თანაგუნდელებს. ამჯერად ვერ დავეხმარები „კადისს“, მაგრამ მჯერა, რომ გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.“
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთში გამამართავს სეზონის ბოლო ოფიციალურ მატჩს.

Comments powered by CComment