11 ნოემბერს ეროვნულმა გუნდმა შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ის  მოედანზე ჩაატარა. მთავარი გუნდის განკარგულებაში ამ დროისთვის 21 ფეხბურთელია. საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად აგრძელებენ აღდგენით პროგრამას, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს 12 ნოემბერს შეუერთდება.

მომავალი მატჩების წინ საკუთარი მოსაზრებები ნაკრების ფეხბურთელებმა — ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი კვერნაძემ — გაგვიზიარეს.

ბუდუ ზივზივაძე:
„წლის ბოლო ორ შეხვედრაზე ვემზადებით და გუნდის ატმოსფერო შესანიშნავია. ოქტომბრის მატჩებში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და სეზონს პოზიტიურად დავასრულოთ. კლუბში დისკვალიფიკაციის გამო თამაშის რიტმი დროებით დავკარგე, თუმცა შემდეგ სათამაშო პრაქტიკა მოვიპოვე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მწვრთნელი ნდობას გამომიცხადებს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს შედეგის მიღწევაში დავეხმარო.“

გიორგი კვერნაძე:
„ნაკრებში თამაში ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ესპანეთი ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად ყველაფერს ვეცდებით, რომ მათ სიამაყის გრძნობა მივანიჭოთ.“

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო შეხვედრას 15 ნოემბერს დინამო არენაზე გამართავს, სადაც მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი — ესპანეთის ნაკრები იქნება. 18 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი სოფიაში ბულგარეთს ეწვევა და საკვალიფიკაციო ეტაპს იქ დაასრულებს.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა და თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი).

წყარო: nakrebi.ge