იზმითში გამართულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდმა მძიმე მარცხი განიცადა — თურქეთმა ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამაჯერებლად იმარჯვა ანგარიშით 4:1.

მატჩის პირველი წუთებიდანვე ნათელი გახდა, რომ მასპინძელები გაცილებით ორგანიზებულად და მოტივირებულად გამოიყურებოდნენ. თურქებმა ბურთის კონტროლი სწრაფად დაიწყეს, პრესინგით ჩაკეტეს ჩვენი ნახევარდაცვა და შეცდომების ძიებაში იყვნენ. მე-14 წუთზე სწორედ ასეთი მომენტი გამოიყენეს — იილდიზმა კაკაბაძის ზონის გავლით გაირბინა, ბურთი თავზე გადაუგდო მამარდაშვილს და ანგარიში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი თავიდან თამაშგარე მდგომარეობად შეაფასეს, VAR-მა გოლი მაინც ჩათვალა.

რამდენიმე წუთში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ჩალჰანოღლუს კუთხურის შემდეგ ტანმაღალმა მერიჰ დემირალმა თავით გაგვიტანა გოლი — ეპიზოდში მას წინააღმდეგობას ოთარ კიტეიშვილი უწევდა, რომელიც დემირალზე 17 სანტიმეტრით დაბალია. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარი იყო და შედეგმაც სახეზეა.

შუა ხაზში გუნდს კონტროლის შენარჩუნება არ გამოსდიოდა. მეკვაბიშვილი, ქოჩორაშვილი და კიტეიშვილი ერთდროულად უძლურები ჩანდნენ თურქთა მაღალი ტემპის წინააღმდეგ. ბურთის დაჭერა ვერ ხერხდებოდა, გრძელი გადაცემებით თამაშიც უშედეგოდ სრულდებოდა, ხოლო დაცვაში დაშვებული შეცდომები სისტემურ ხასიათს ატარებდა. პირველ ტაიმში იუნუს აკგიუნმაც გაიტანა და შეხვედრამ, ფაქტობრივად, იქვე დაკარგა ინტრიგა.

სანიოლმა შესვენებაზე ზივზივაძე გამოიყვანა მიქაუტაძის ნაცვლად, თუმცა სურათი არ შეცვლილა — 52-ე წუთზე ისევ ჩალჰანოღლუს კუთხური, ისევ დემირალი და ისევ იგივე შეცდომა. კიტეიშვილი კვლავ ცდილობდა ბევრად მაღალ მოწინააღმდეგესთან საჰაერო დუელის მოგებას, თუმცა შედეგად კიდევ ერთი გოლი მივიღეთ.

მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადა საქართველოს ნაკრები შეტევაში გადასვლას. საბოლოოდ, სწორედ ქოჩორაშვილმა გაიტანა ლამაზი გოლი, როცა კიტეიშვილის ქუსლით გაგრძელებული ბურთი ზუსტად დაარტყა და ანგარიში 4:1 გახდა. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობა იყო — გამარჯვებულის ვინაობა დიდი ხნით ადრე გადაწყდა.

მატჩის შემდეგი შეფასებები ერთგვარად თანხმდება: საქართველოს ნაკრები წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პროგრესის ნაცვლად რეგრესის ფაზაშია. გუნდს აშკარად აკლია სტაბილურობა, ტაქტიკური გამართულობა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე. სანიოლის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით – დაცვით ფაზაში მოთამაშეთა განლაგება, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს. როდესაც ერთ-ერთ ყველაზე ტანდაბალ ფეხბურთელს, მაღალ ცენტრალურ მცველზე აყენებ, შედეგი ხშირად წინასწარ ცნობილია.

საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ 3 ქულით მესამე ადგილზეა და მუნდიალის ტურნირზე მოხვედრის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. წინ ორი შეხვედრაა — 15 ნოემბერს სახლში ესპანეთთან და 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან. თუმცა ამ ეტაპზე მთავარი კითხვა სხვაა: შეძლებს თუ არა ეს გუნდი მორალური და სტრუქტურული კრიზისიდან გამოსვლას, სანამ სრულად არ დაიკარგა ის იმედი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გვქონდა.