განწყობა ოპტიმისტურია, ხოლო მეტოქეებთან დაპირისპირებამდე დრო გვაძლევს საშუალებას, ძალები სრულად აღდგეს და ტაქტიკური ხაზები საბოლოოდ დალაგდეს. მოტივაციას კიდევ ერთი გარემოება ამძაფრებს: ესპანეთსაც აქვს საკადრო პრობლემები — ლამინ იამალის არყოფნა და როდრის ტრავმა მათთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა; შემდეგ კი თურქეთში, დიდი ალბათობით, ჩვენი ბედი იქ გადაწყდება.

პოზიტიური სიახლე მეკარის პოზიციიდან იწყება: გიორგი მამარდაშვილი ნაკრებს უბრუნდება აქტიური პრაქტიკითა და დამაჯერებელი თამაშით — პრემიერ ლიგის დებიუტში მიიღო მაღალი შეფასებები.  ესპანეთთან ბევრი რამ სწორედ მის ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ ბრუნდება მოედანზე.  ფიზიკურ კონდიციამდე დაბრუნებას დრო სჭირდება, თუმცა ხვიჩას ყოფნა ნაკრებში უმანიშვნელოვანესია.  ხვიჩას ერთი დრინბლინგიც კი საკმარისია, რომ მატჩის დინამიკა შეცვალოს. კაპიტნის სამკლაურმა დამატებითი პასუხისმგებლობა და მოტივაცია შემატა; დატვირთვის დოზირება სანიოლის არჩევანია.

შეტევაში განსაკუთრებით გამოსარჩევია გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა — ბოლო კვირაში გატანილი გოლები „იუვენტუსისა“ და „რეალის“ კარში თავდამსხმელის თვითრწმენას აშკარად ზრდის.

შუა ხაზში ოთარ კიტეიშვილი კარგ ტალღაზეა — ზედიზედ ორ შეხვედრაში შეაგდო და ჩვენი თამაშის კონტროლსა და შეტევების განვითარებაში საკვანძო როლი ექნება.

რაც შეეხება დაცვის ხაზსს. გურამ კაშიას შემცირებული სათამაშო დრო და ბოლო შეხვედრაში განაცხადიდან ამოვარდნა კითხვებს აჩენს, რის გამოც სასტარტოში მისი გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. პოზიტიური სიგნალია საბა გოგლიჩიძის სრული მატჩი „უდინეზესთან“ — სტაბილური მატჩი და ზუსტი პირველი პასი შეტევების წამოწყებისთვის. ლუკა ლოჩოშვილის დისკვალიფიკაციის გამო, ცენტრში ლაშა დვალის გამოყენებაა ლოგიკური ვარიანტი; დვალი განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს სამმცველიან სისტემაში, თუმცა განლაგებაზე საბოლოო სიტყვა მეტოქის პროფილსა და სანიოლის ხედვაზეა დამოკიდებული.

მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძე განიხილება (ნაკრებში გოლით მოდის), მაშინ როცა გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ პროგრესს აჩვენებს და ბოლო ტურში გატანილ გოლშიც მის ასისტით გაიტანეს. მარცხნივ  ირაკლი აზაროვი, რომელსაც „შახტარში“ დრო მიეცა; სიტუაციურად შესაძლებელია გოჩოლეიშვილის გადაყვანაც. განაცხადშია ივა გელაშვილიც, რაც ვარიანტებს ზრდის.

ნახევარდაცვაში გიორგი ქოჩორაშვილი ამჯერად დიდი პრაქტიკით არ მოდის, თუმცა მისი ფუნქცია მაღალი პრესინგის და სწრაფი ტემპის მქონე მეტოქეებთან განსაკუთრებით ფასობს — სწორედ ასეთი იქნება ესპანეთიც და თურქეთიც. ბუდუ ზივზივაძეს დისკვალიფიკაციის გამო ხანგრძლივი პაუზა დაუგროვდა და მის მზადობაზე საუბარი რთულია. ნიკა გაგნიძე  გიორგი ჩაკვეტაძის კარგი ალტერნატივაა.