როგორც გაცნობეთ, რამდენიმე დღის წინ კობიაშვილმა სპორტულ გადაცემაში „ლაი-ლაი“ მწვრთნელის მიერ ჩემპიონატის დონის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს უპასუხა და მისი კომენტარები „სისულელედ“ მოიხსენია. ამ თემამ ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ჭიაბრიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას მინიმუმ „არაკორექტული“ უწოდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს.
გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადება:
„მოგესალმებით,
მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ავღნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.
აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.
ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!“
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მწვრთნელის განცხადებამ და კობიაშვილის რეაქციამ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა გახადა.
Comments powered by CComment