ბრძოლა ფეხბურთელს მუდამ ორ ფრონტზე უწევს, მოედანსა და მოედნის გარეთ. გამონაკლისი არც გაგი მარგველაშვილია, რომელიც ამერიკის ლიგაში ,,ოკლენდ რუთსის’’ ღირსებას იცავს.
საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, გაგი მცირე ასაკიდანვე ოცნებობდა დიდ ფეხბურთზე და თავისი საფეხბურთო ცხოვრების გზაც ბავშვობიდან დაიწყო.
,, ფეხბურთის თამაში გაუცნობიერად დავიწყე. ეზოში ყველანაირ გასართობ საშუალებას ვეძებდი, რომ ჩემი ენერგია და ის ბავშვური წყურვილი ყველაფრის მიმართ დამეკმაყოფილებინა. დედას და მამას ყოველთვის ჰქონდა ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მიმართ დიდი სიყვარული. 5 წლის ვიყავი როცა პირველ სპორტულ სკოლაში მიმიყვანა მამამ და გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე.
ჩემი პირველი მწვრთნელები როლანდ ცუცქირიძე და თემურ გოჩოლეიშვილი იყვნენ (გიორგი გოჩოლეიშვილის მამა). 13–14 წლამდე მავარჯიშებდნენ, სანამ თბილისში ,კერძოდ, საბურთალოს ახლადშექმნილ აკადემიაში მოვხვდებოდი. პირველი მწვრთნელებისგან ბევრი რამე ვისწავლე. ბავშვობაში მხოლოდ ბურთი, კარები და სასტვენი გაინტერესებს რომ თამაში და სირბილი დაიწყო, გინდა რომ ბურთან ერთად დაიძინო, გაიღვიძო, ისაუზმო, ყველაფერი ბურთთან ასოცირდება.
13–14 წლიდან უკვე საბურთალოს შევუერთდი, სადაც გიორგი მიქაძე და გიორგი დევდარიანი დამხვდა. ზუსტად ამ ეტაპიდან დაიწყო ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე გადასვლა.’’
საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარიერის დაწყებით ეტაპებს გაგი რთულად მოიხსენიებს : ,,მაღალი დონის ფეხბურთელისთვისაც კი არ არის ელიგა მარტივი ბევრი ფაქტორის გამო, ბევრი ფაქტორი იწვევს ამ ყველაფერს. შეიძლება ერთი თამაში 10 ათასი მაყურებლის წინაშე ითამაშო და მეორე კვირას მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ მატჩს. ყველა კარგ და სანახაობრივ თამაშს ითხოვს ფეხბურთელებისგან, მაგრამ როცა სტადიონზე თითზე ჩამოსათვლელი ხალხია საქომაგოდ, იქ ფეხბურთელი მოტივაციის გარეშე თამაშობს. მოტივაცია კი თამაშის ტემპს და აზარტს ქმნის.
ფედერაცია თავის მაქსიმუმს აკეთებს რომ ამ ყველაფერში წვლილი შეიტანოს და როგორმე საფეხბურთო გარემო შეუქმნას ფეხბურთელებს, ამ ყველაფერში კლუბებიც რომ მაქსიმუმს აკეთებდნენ ალბათ უფრო მეტი ხალხიც ივლიდა ჩემპიონატის თამაშებზე და უფრო მეტი სანახაობრივი თამაშებიც იქნებოდა.
გაგის დღეც და ღამეც ბურთით სრულდებოდა, ისევე როგორც ფეხბურთით შეპყრობილი ბავშვების ყოველდღიურობა. ატარებდა ხოლმე ფავორიტი ფეხბურთელების მაისურებს და გონებაში ბურთის გარდა არაფერი დაგორავდა. — ,,ფეხბურთის გამო სკოლაში ცუდი მოსწავლე გავხდიმ, რაც ძალიან ცუდი იყო იმ ეტაპზე ,თუმცა მე ერთი გზა ავირჩიე და ჩემი ცხოვრებაც ყველა ასპექტში ფეხბურთს დავუკავშირე. ზუსტად ამ პერიოდში გავიაზრე რომ საკუთარი არსებობის ფეხბურთზე მიძღვნა მინდოდა და პროფესიულ კარიერაზე დავიწყე ფიქრი. ფეხბურთის გარდა აღარაფერი მაინტერესებდა. დაახლოებით ალბათ 14/5 წლიდან დაიწყო ყველაფერი.’’
,,ზოგადად და მითუმეტეს ამ პერიოდში, საქართველოში ახალგაზრდისთვის თავის დამკვიდრება არ მიმაჩნია რთულად. ჩემი დაკვირვებით, ჩემპიონატში არის ეტაპები როცა ხარისხდება ასაკები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ერთვება ჩემპიონატში, რაც აძლევს შანსს დამწყებ ფეხბურთელებს რომ თავისი სათქმელი გააჟღერონ პროფესინალურ ლიგებში. ‘’
ის ერთი დიდი ნაბიჯი გაგიმ სამოყვარულო ფეხბურთიდან დიდ მოედნამდე მალევე გადადგა და დაიწყო იმ მიზნებისკენ სწრაფვა, რომელზეც მხოლოდ ძილის წინ ბურთთან ერთად ოცნებობდა ხოლმე. ,,ჩემთვის გარდამტეხი პერიოდი თბილისში გატარებული დროა, როცა გიორგი მიქაძესთან და გიორგი დევდარიანთან მოვხვდი. ძალიან დიდი თანადგომა და ნდობა მქონდა მათ მიმართ, ხოლო ჩემი საფეხბურთო ცხოვრება შეიცვალა გიორგი ჭიაბრიშვილთან. ჩემთვის ფეხბურთი იწყება გიორგი ჭიაბრიშვილთან შეხვედრის მერე, რომელთან ერთადაც საოცარი სეზონები გვქონდა როდესაც ე-ლიგაში გადმოვიდა საბურთალო და თითქმის ყველაფერი მოვიგეთ მასთან ერთად. დანარჩენი უკვე ერთი დიდი და ლამაზი ისტორიაა. ამ მომენტში კი ვთვლი რომ ყველაზე კარგ საფეხბურთო ეტაპს გავდივარ ,,ოკლენდ რუტსთან’’ ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ.
,, პროფესიონალურ საფეხურზე გადასვლა დიდი სირთულეებით იწყება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. გამოცდილმა მეტოქეებმა იციან, როგორ გამოგცადონ, მაგრამ თუ შენს გუნდში არიან გამოცდილები, ისინი ადაპტაციაში გეხმარებიან. თავიდან ბევრ რამეზე ნერვიულობ და გაღიზიანებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდები, რომ პროფესიონალურ დონეზე ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს, უბრალოდ მსაჯის სასტვენით თამაში აღარ იწყება და ამ ყველაფრის უკან უამრავი ფაქტორია.
გაგი იხსენებს დინამო ბათუმში გახსენებულ პერიოდს და მაკედონიაში გატარებულ წლებს, მიუხედავად ,,დინამო ბათუმში’’ ჩატარებული 5–6 თამაშისა მაკედონიიდან მაინც მიუვიდა შემოთავაზება და მალევე ჩემპიონებიც გახდნენ.
,,ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ უნდა დავნებებულიყავი. ეს ბავშვობაში კი არა, უკვე დიდობაში. მარცხის შემდეგ მეგონა, რომ აღარ ღირს გაგრძელება. პროფესიონალურ დონეზე შეცდომას უფრო დიდი ფასი აქვს, განსაკუთრებით მცველისთვის, რადგან შენი შეცდომა 90% გოლით მთავრდება. როცა გგონია, რომ შენი ბრალია გუნდის მარცხი, ის მომენტი უბრალოდ განგრევს. არ გინდა სახლში წასვლა, არავისთან ლაპარაკი. თითქოს შენი კარიერა დამთავრდა. ჩვენ, მცველებს, ეს განცდა ხშირად გვაქვს და მასთან გამკლავება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამეა, თუმცა ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საკუთარ თავს მოუსმინო, აღიარო შეცდომა და გამოასწორო. მქონია ღამეები, როცა სახლში არ მივსულვარ და ქუჩაში ვხეტიალობდი, ან მწვრთნელთან ავსულვარ და მომითხოვია რომ წავსულიყავი გუნდიდან. თუმცა, არჩევანი ჩვენზეა და აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფერთან ბრძოლა და მარცხი გაკვეთილად მივიღოთ. ‘’
ამერიკაში გადმოსვლა ყველაზე რთულ პერიოდში მომიწია, მთელი საქართველო ჩემს შეცდომაზე ლაპარაკობდა. თითქოს ყველაფერი თავზე ჩამომექცა და უცებ ვიღვიძებ ამერიკაში, 25 გრადუს სიცხეში, ზამთარში. ახალ გარემოსთან შეგუება მარტივი არ იყო, განსაკუთრებით ენის ბარიერი, მაგრამ საოცარ გუნდსა და შტატში მოვხვდი. აქ ფეხბურთი ტოპ სპორტში არ შედის, მაგრამ ხალხს უყვარს. თუნდაც წავაგოთ, მადლობებს გვიხდიან და მხარდაჭერას მუდამ გვაგრძნობინებენ. საფეხბურთო კულტურა სრულიად განსხვავებულია, თამაში დღეს ნამდვილი შოუა, მედია, აქტივობები, საოცარი ატმოსფერო. მედიაშიც უამრავი ადამიანი მუშაობს და პიარს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ შენი ადგილი გუნდშია. ვარჯიშები რთულია, სატრანსფერო ბაზარი 7 თვე ღიაა, კონკურენცია დიდი, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად გაუძლებ, სხეულიც შეგეჩვევა. ასევე, მარტო ცხოვრება, დროის სხვაობა, ყოველდღიური ბრძოლა… ყველაფერი გამოწვევაა, მაგრამ გარემო, გუნდის მეგობრული დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი მეხმარება, რომ ყოველდღე წინ წავიდე.
მიუხედავად ასეთი პირობებისა საქართველოში დაბრუნება მაინც შედის ჩემს სამომავლო გეგმებში, სადაც არ უნდა ვიყო და ვიცხოვრო, ვერასდროს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეცვლის ჩემს საქართველოს.’’
Comments powered by CComment